გია უდესიანის დის ინფორმაციით, საკუთარ ავტომობილზე დადებული იარაღი იპოვა
ბიზნესმენ გია უდესიანის დის ინფორმაციით, საკუთარ ავტომობილზე, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული, იარაღი იპოვა. როგორც ელზა უდესიანი აცხადებს, მან იარაღი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მანქანის საბარგული გახსნა.
მისი თქმით, მომხდარი ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით განხორციელდა, რადგან როგორც ის საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, დიდი ხანია, მათ ოჯახს დევნიან. კონკრეტულ პიროვნებებზე ეჭვი გია უდესიანის დას არ აქვს.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, მომხდარი არავის დაუნახავს. მან იარაღის აღმოჩენისთანავე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩემი მანქანით გადავაადგილდებოდი ვერადან გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კერძოდ ჯანაშიას ქუჩიდან წამოვედი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. გავაჩერე კორპუსის წინ მანქანა. დაახლოებით ერთი საათის მერე რომ გადმოვედი და უკანა საბარგული გამოვაღე, ჩამოცურდა ზემოდან პატარა შავი ფერის სასროლი, არ ვიცი რა ტიპის, მაგრამ სასროლი იარაღი. მე ვერსიები არ გამაჩნია, კერძოდ ახლა არავის ვადანაშაულებ, ეჭვი კერძოდ არავის მიმართ არ მაქვს, უბრალოდ შემზარავია ფაქტი, დღისით-მზისით აქ უამრავი მანქანა დგას, წარმოუდგენელია ვის უნდა დაედო. ფაქტია, რომ ეს საჩუქარი არ არის და საჩუქრის მიზნით არავინ არ გამიკეთა. ვთვლი, რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი ხორციელდება, რომელიც დიდი ხანია ჩვენი ოჯახის მიმართ ხორციელდება“,- განაცხადა ელზა უდესიანმა.