გია ნიჟარაძე - ამაზე მეტი შეურაცხყოფა და ბრალდება არ გამიგია, რაც მაუწყებლის ე.წ. გადარჩენის ექვსპუნქტიანი გეგმაა 
გია ნიჟარაძე - ამაზე მეტი შეურაცხყოფა და ბრალდება არ გამიგია, რაც მაუწყებლის ე.წ. გადარჩენის ექვსპუნქტიანი გეგმაა 

მეტი რა ფრონტის ხაზები გინდათ, ამაზე მეტი შეურაცხყოფა და ბრალდება არ გამიგია, ამიტომ ჩემი  გულწრფელი თხოვნაა, დავხუროთ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ და ვილაპარაკოთ ცივილურ ენაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია ნიჟარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიანი გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ნიჟარაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭო ყოველთვის მზად არის ნებისმიერი დიალოგისთვის, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია.

“არა მგონია, რომ რომელიმე თქვენგანს ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში „კამუფლიაჟით“, ავტომატებით და გრანატებ ასხმული გენახეთ ვინმეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, საუბრისთვის. როდესაც გინდა ადამიანთან პარტნიორობა და ურთიერთობა, არ უნდა იურთიერთო ამ პარტნიორთან გამუდმებული შეურაცხყოფისა და წნეხის რეჟიმში, რადგან ეს აბსოლუტურად მიუღებელია, დესტრუქციულია, არ არის მომტანი არანაირი სიკეთის. ჩვენ მართლა მტრები ხომ არ ვართ ერთმანეთის,  ყველას გვინდა ჩვენი ქვეყნის სიკეთე და კონკრეტულ შემთხვევაში ამ ტელევიზიის. მე გეტყვით როგორ ივლება ფრონტის ხაზები. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ გადარჩენის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომლის ტექსტიც ასე იწყება „გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლს და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედიაორგანიზაციას”. მე, როგორც საბჭოს ერთი წევრი ყოველთვის მზად ვიქნები ნებისმიერი შეხვედრისთვის, დავსხდეთ და ყველაზე მწვავე საუბრებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ აი, ასეთ რაღაცებს შევეშვათ. დავსხდეთ, ნებისმიერ პრობლემაზე ვისაუბროთ. თქვენ თუ გგონიათ, რომ საბჭოს შიგნით არის სიამტკბილობა, თაფლით არის ყველაფერზე წასმული, ვხოცავთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვისწავლეთ მუშაობა, ყურის დაგდება და ერთმანეთის პოზიციების პატივისცემა. მოგიწოდებთ, მოდით, ამ რეჟიმში გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა და მერწმუნეთ, რომ ბევრად უკეთეს შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.