გია მურღულია - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ფუნდამენტური ღირებულების და მნიშვნელობის დოკუმენტია
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ფუნდამენტური ღირებულების და მნიშვნელობის დოკუმენტია, – ამის შესახებ ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორი იქნება 12 წლის შემდეგ ის ბიჭუნა თუ გოგონა, რომელსაც სკოლაში მოიყვანენ. როგორ ადამიანს ვზრდით, ნიშნავს როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და ამიტომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ფუნდამენტური ღირებულების და მნიშვნელობის დოკუმენტია“, – განაცხადა მურღულიამ.
გადაცემის სტუმარმა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გამოთქმულ მთავარ კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ქმნიდეს ასეთ მიზნებს. რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. იმიტომ, რომ დოკუმენტს ჰქვია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და გაუგებარია, ვინ უნდა ქმნიდეს ეროვნულ მიზნებს, თუ არა საზოგადოება სახელმწიფოს მეშვეობით; მეორე, ჩვენ გვსაყვედურობდნენ იმას, რომ წინა ვერსიაში ეწერა სიტყვა – ლიბერალური ღირებულებები და ეს ახალ ვერსიაში აღარ არის. ჩვენ ამ საკითხს ძალიან პრინციპულად ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის დეკლარაციულ დოკუმენტში არ უნდა იყოს რამე მინიშნება კონკრეტულ იდეოლოგიურ წანამძღვრებზე; მესამე, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეროვნულობა დღეს არ არის აქტუალური და საჭირო არ არის ამ დოკუმენტში ეროვნების, ოჯახის, ქართული ღირებულებების, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და, თუ გნებავთ, პიროვნული ღირებულებების აქცენტირება. როდესაც ამ ტიპის შენიშვნებს ვიღებთ, ვცდილობთ, დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრებები და კეთილგანწყობილი გარემო შევქმნათ. რასაკვირველია, კრიტიკული აზრის გამოთქმაც შეიძლება და ეს აუცილებელიც არის. ჩვენ შენიშვნებს ვიზიარებთ ხოლმე, რასაც რაციონალურად მივიჩნევთ, მაგრამ ამ დოკუმენტში არის პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ფუნდამენტურ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობთ, ეს დასათმობი არ არის“, – განაცხადა მურღულიამ.
გია მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის მთელი შენობის საძირკველი, რომელსაც მთელი რიგი აქტივობები მოსდევს, რამაც ამ მიზნების რეალიზება უნდა მოახდინოს.
„ამას მოსდევს პირველი სართული – ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც გაიწერება, როგორ უნდა იყოს მიღწეული ეს მიზნები; ამას მოსდევს საგნობრივი სტანდარტები, რაზეც მიდის მუშაობა და რომელიც მალე დასრულდება. შემდეგ განხილვა დაიწყება და იქაც ძალიან ბევრი საკამათო საკითხი იქნება“, – განაცხადა მურღულიამ.
ამასთან, მურღულიამ აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ისეთი საკითხია, მისი მასშტაბი მხოლოდ სასკოლო განათლების სისტემაში არ ეტევა.
„მთელი განათლების სისტემა მუშაობდეს იმაზე, რომ ბავშვები ამ ღირებულებებით აღიზარდონ და მერე ამ ბავშვმა საზოგადოებაში სულ სხვა ღირებულებები იხილოს ყოველდღე, არაფრით არ გამოვა ასე. მარტო სკოლა ამას ვერ შეძლებს. სკოლა რასაც აკეთებს, ახლა გამოტანილია სამსჯავროზე და გვინდა, კონსენსუსი შედგეს. ყველა ყველაფერზე თანახმა არასდროს არ იქნება, მაგრამ საზოგადოების ძირითადი ნაწილი უნდა შეთანხმდეს ამ მიზნებზე და მერე იწყება ძალიან დიდი მუშაობა. ამას ძალიან დიდი ფიქრი და განსჯა დასჭირდება. ასე უცებ მასწავლებელი ვერ შეიცვლება, ვერც სკოლის დირექტორი ვერ შეიცვლება და ვერც ადამიანი შეიცვლება, ვინც დაკავშირებულია ამასთან. ამ ცვლილებას სჭირდება ყველაზე მეტი დრო. არადა, ეს დრო ასე ბევრი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ამოცანა გვაქვს, საქართველო დადგეს ერად სხვა ერთა შორის, რაც ქვეყნის ოდინდელი ოცნებაა. ჩვენმა საზოგადოებამ, ერთი მხრივ, უნდა გაიაზროს ეს მიზნები; მეორე მხრივ, უნდა მოხდეს კონსოლიდაცია იმ აუცილებლობის ირგვლივ, რომ საქართველოს ეს სასიცოცხლოდ სჭირდება და ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს; მესამე მხრივ, ჩვენ ძალიან პრინციპულად, გულწრფელად და გულახდილად უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, რა შეუშლის ხელს ამ მიზნების მიღწევას, რა საბედისწერო გამოწვევები გვაქვს, რომლებიც ამას ყველანაირად შეუშლის ხელს და როგორ გავანეიტრალოთ ეს გამოწვევები. ამას სჭირდება ბევრი ფიქრი და ამას სჭირდება ძალიან მაღალი ორგანიზაციული კულტურა. ვფიქრობ, ამისთვის ჩვენი საზოგადოება შინაგანად მზად არის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სახელმწიფოს ეს უნდა; იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის გარკვეული რესურსები მოიძებნება და რომ ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება“, – განაცხადა გია მურღულიამ.