გია მურღულია - როდესაც 15 წლის ბიჭი თავს იკლავს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ
გია მურღულია - როდესაც 15 წლის ბიჭი თავს იკლავს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ

როდესაც 15 წლის ბიჭი თავს იკლავს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი, საქართველოს პირველი არხის რადიოგადაცემა „ჩვენი სკოლის“ ავტორი და წამყვანი გია მურღულია წერს.

როგორც გია მურღულია წერს, „ამ ღიმილიანი ბიჭის სრულიად ალოგიკურმა და დამანგრეველმა სიკვდილმა უამრავი კითხვა დაბადა“.

„რატომ არ ეშინიათ (მათთვის მხოლოდ ამ სიტყვას აქვს რეალური მნიშვნელობა) გარეწრებს, ადამიანებს არაადამიანურად მოექცნენ?

რატომ ეგუება მუდმივად ჩვენი საზოგადოება ფიზიკურ თუ სულიერ ძალადობას და სწრაფადვე რატომ ივიწყებს მის მსხვერპლს?!

რატომ გვეადვილება ასე სხვათა ტრაგედია?

ის სიცოცხლით სავსე იყო. არ უნდოდა სიკვდილი. სურდა მეგობრობა, სურდა სიყვარული, სურდა გამარჯვებები, სურდა ბედნიერება.

ამის სანაცვლოდ მან სიძულვილი და ჩვეულებრივი ქართული “სულ ერთია” მიიღო.

მაგრამ ეს ხომ არ არის საქართველო?!

სად წავიდა ჩვენი მშვენიერი ქვეყანა – თანადგომითა და სიყვარულით სავსე და ძლიერი?

ის ხომ ისევ აქ არის?!

ჩვენ ყველანი ხომ ისევ აქ ვართ?!

განა ჩვენ დავიმსახურეთ, რომ ამდენი ტრაგედია ერთად დაგვატყდა თავს? ეს კითხვა ძალიან ხმამაღლა უნდა დავუსვათ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.

განა უბრალოდ საღი აზრი არ გვიბიძგებს, რომ რაღაც შევცვალოთ? გონიერება თუ არა, სიფრთხილე სად გაქრა?

ამ ღიმილიანი ბიჭის სრულიად ალოგიკურმა და დამანგრეველმა სიკვდილმა უამრავი კითხვა დაბადა.

ჩვენი ვალია, მათ ვუპასუხოთ.

ახლა უნდა ავირჩიოთ:
ისე მოვიქცეთ, როგორც ღირსეული ხალხი და სახელმწიფო იქცევა და პრინციპული გადაწყვეტილებები მივიღოთ (სამართლის, სოციალური პასუხისმგებლობისა და განათლების სისტემის ორგანიზების მიმართულებითაც), ან უბრალოდ გავაგრძელოთ უზრუნველი ცხოვრება მომდევნო ტრაგედიამდე.
მეორე ცუდი გადაწყვეტილება იქნება.

ასე ძალიან გავუშინაურდებით სიკვდილს – სხეულისაც და სულისაც.

აქედან კი ძალიან ახლოს არის ის წერტილი, რომლის შემდეგაც უკან ვეღარ ბრუნდებიან“, – წერს მურღულია.