გია მურღულია - ქველმოქმედება ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავისი და არა სახელმწიფოს სახსრებით
ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს თავისი სინდისისა და გამოცდილების შესაბამისად და მე ამის განსჯაში არ შევალ, არავის დავამუნათებ, მაგრამ ვფიქრობ, არც საჭიროება, არც აუცილებლობა და არც დრო ასეთი გადაწყვეტილების, ნამდვილად არ იყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ განაცხადა, რომელმაც საჰონორარო თანხის ნაწილის, 50 492 ლარის საბჭოს წევრებზე გადანაწილებას მხარი არ დაუჭირა.
მურღულია აცხადებს, რომ ქველმოქმედების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ქველმოქმედება ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი და არა სახელმწიფოს სახსრებით.
„იმ დროს, როდესაც ასეთი პანდემია მძვინვარებს და ადამიანთა ეკონომიკური პრობლემები, გასაჭირი უფრო თვალნათელი ხდება, მთელი ქვეყანა, სახელმწიფო ლაპარაკობს ქამრების შემოჭერაზე, ტელევიზიას თითქმის ერთი მილიონი ლარი დააკლდა დაფინანსების თვალსაზრისით, ბევრი გეგმაა და სახსრები მოსაძიებელია ამ გეგმების სარეალიზაციოდ, გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ შეცდომაა, თუ უფრო მეტს არ ვიტყვით. ერთიცაა, ამბობენ, ჩვენ ამ ფულს ქველმოქმედებისთვის დავხარჯავთო. ქველმოქმედების საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ ქველმოქმედება ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავისი სახსრებით და არა სახელმწიფოს სახსრებით.
კეთილი ნება თუ მაქვს, ჩემი სახსრებით დაგეხმარებით და არ უნდა მჭირდებოდეს ის, რომ სახელმწიფოს გამოვართვა ფული თქვენთვის კეთილი საქმის გასაკეთებლად. სახელმწიფო ამას უჩემოდაც კარგად მოახერხებს. მეუბნებიან, რომ შარშანაც გაკეთდა ასეთი რამ, არსებობდა რაღაც სია ტელევიზიის თანამშრომლებისა, რომლებსაც უჭირდათ და ბორდი დაეხმარა ამ გზით. დახმარების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კითხვა მიჩნდება და უკვე მივმართე კიდეც ბორდის აპარატს – რა სიაა ეს, ვინ შექმნა, როგორ მოხვდნენ ადამიანები ამ სიაში, როგორ განისაზღვრა დახმარების დონე და ხარისხი, ვინ შეადგინა, თუ ადგენს ახლა ამ ახალ სიას? ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად, პასუხი ამ კითხვის დასმამდე მასწავლეს დიდი ხნით ადრე – რაც შეგიძლია და რაც კანონიერიც არის, ყოველთვის არ უნდა გააკეთო, რადგან რასაც არ კრძალავს კანონი, როგორც სენეკამ თქვა ეს, კრძალავს წესიერება“, – განაცხადა გია მურღულიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.