გია მურღულია - მირჩევნია, ბავშვი 15 წუთით უკანონოდ გააჩერო, ვიდრე ის გავიდეს და 10-15 წუთში ვიღაცამ ქუჩაში დაჭრას
პირდაპირ ვაცხადებ, მირჩევნია, ბავშვი 15 წუთით უკანონოდ გააჩერო, ვიდრე ის გავიდეს და 10-15 წუთში ვიღაცამ ქუჩაში დაჭრას, – განაცხადა სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„როცა მაღალი რისკი არსებობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პირველ რიგში, ეს რისკი ავიცილოთ და ყველაფერ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ბავშვების უფლებები უნდა დაირღვეს. საქმის კარგად ორგანიზებას და გაკეთებას თავისი წესი აქვს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კანონში გაწერა სჭირდება“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, კანონში ყველაფერი ზუსტად გაიწეროს, რათა კონტროლის გაძლიერების პარალელურად, ბავშვთა უფლებები არ დაირღვეს.
„თუმცა, ერთი რამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. საწყის ეტაპზე, ამაზე ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე, მაგრამ მერე, როცა ძალიან ცუდი ამბავი მოხდება, თავში ხელების ცემას ვიწყებთ“, – განაცხადა მურღულიამ.
როგორც სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა აღნიშნა, სკოლებს დახმარება სჭირდებათ და არა გაუთავებელი ყიჟინა, თუ რას აკეთებს სკოლა და ა.შ.
„ბოლო დროს ხშირად მესმის თავდასხმები სკოლებზე, თითქოს სკოლებს მეტი საქმე არ აქვთ, ვიდრე აგრესიულ ადამიანებს ზრდიდნენ. ეს ასე არ არის. ზოგიერთ სკოლაში, სადაც ბოლო დროს საშინელი ფაქტები მოხდა, ბავშვები სპორტშიც იყვნენ ჩართული, სხვადასხვა პროგრამებიც მოქმედებდა, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ეს მაინც მოხდა. საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც გამოდიან და სკოლის მასწავლებლებსა და ხელმძღვანელებზე აგდებით ლაპარაკობენ, მოვუწოდებ, უსაფუძვლო კრიტიკას და სკოლის დისკრედიტაციას თავი დაანებონ. მართალია, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ უსაფუძვლო კრიტიკა და სკოლის დისკრედიტაცია მიუღებელია“, – განაცხადა გია მურღულიამ.
მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.