პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ალბათ ჩვენი ბორდი უნდა უჩვენებდეს საზოგადოებას საკითხების უფრო მშვიდად განხილვის მაგალითს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილია, რომ ასეთ შეხვედრებზე ძალიან დიდი წივილ-კივილი არ იყოს ხოლმე.
აქ რამდენჯერმე ახსენეს სიტყვა მოცემულობა და სიტყვა არჩევანი. არჩევანი არსებობს მაშინ, როდესაც შენ შეგიძლია, შენს გამგებლობაში მყოფი, რაღაც შესაძლებლობებით მიიღო ან ერთი ან მეორე გადაწყვეტილება. როდესაც შენ არჩევანს პრაქტიკულად არ გიტოვებენ, ამაზე აპელირება ძალიან რთულია და ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. ჩვენ აქ შემოგვიტანეს ამ ცოტა ხნის განმავლობაში ორი ბიუჯეტი. მეორე ბიუჯეტში იყო 6,5 მილიონი ლარით უფრო ნაკლები, ვიდრე პირველში. ნათელია, რომ ამის ლომის წილი შეეხებოდა სწორედ იმ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია გადაცემებთან. ამაზე დამატებითი კითხვების დასმა, მგონი, არალოგიკურია. მეორე მომენტი – თინათინ ბერძენიშვილმა წარმოადგინა დღეს პრეზენტაცია. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაჯერებელი პრეზენტაცია. ის, ვინც ლანძღავს ჩვენს ტელევიზიას მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ვალდებულია, გააბათილოს ეს პრეზენტაცია. ამ პრეზენტაციას ის თუ ვერ გააბათილებს, მაშინ სალაპარაკოც არაფერია და საზოგადოებისთვის ყველაფერი თავისთავად ნათელია.
მიაქციეთ ყურადღება, იმ მოცემულობაში, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, დაგვაკლდა 6.5 მილიონი, აქედან ნახევარი მიდიოდა გადაცემებში. იმ ნახევარშიც კანონით არის გათვალისწინებული რაღაცები, გარეწარმოების 25 პროცენტი, ტელეფილმების 10 პროცენტი, რომელსაც ერთ თეთრსაც ვერ მოაკლებ, რადგან კანონი არ უნდა დაარღვიო და უნდა შეასრულო. ასე რომ, მოქმედების თავისუფლების არეალი უკიდურესად დავიწროებულია. ისიც ხომ ძალიან ნათელია, რომ ახალი შენობის მშენებლობას და ხელფასებს არცერთი თეთრი არ მოაკლდება და არც უნდა მოაკლდეს. ამიტომ, როდესაც ზოგიერთები აცხადებენ, რომ ჩვენს ტელევიზიას თურმე ფული არ აკლდება და ეს არის რაღაც პოლიტიკური მდგენელი თუ პოლიტიკური მოტივაციებით მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მართალი არ არის. ფაქტია, რომ ეს არ არის მართალი და ამიტომ, ასეთი განცხადებების გაკეთება, ჩემი აზრით, არათუ ზნეობრივი არ არის, არამედ ელემენტარულად უსინდისობაც არის. ეს პირდაპირ უნდა ვუთხრათ ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ულოგიკოდ, უაპელაციოდ ლანძღავენ პირველ არხს და მის ხელმძღვანელებს.
ჩვენი ტელევიზია არის დამოუკიდებელი. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების დროსაც გაირკვა, რომ ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიყავით. მათ შორის, იმ გადაცემაში, როდესაც ეს თემა აქტუალური გახდა, ითქვა, რომ ჩვენ არ მივტირით რაღაც თანხებს, ჩვენ პრინციპულად ვიცავთ დამოუკიდებელ ტელევიზიას. ვიღაცას მგონი, ძალიან ყელში ეჩხირება პირველი არხის დამოუკიდებლობა და ამასაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. არავინ უნდა ჩაერიოს ამ დამოუკიდებლობაში, არც პოლიტიკური ნაწილი და არც ნებისმიერი სხვა. აქ ლაპარაკია როგორც ორგანიზაციულ, ისე ფინანსურ, ისე შემოქმედებით დამოუკიდებლობაზე. ასეთი ჩარევა ელემენტარულად, პირველ რიგში, ბორდმა უნდა აღკვეთოს, რადგან ჩვენ ვართ არჩეული პარლამენტის მიერ საიმისოდ, რომ საზოგადოების ხმა ისმოდეს ყოველ წამში, რაც კი გადაცემა კეთდება და გადის ჩვენს ტელევიზიაში.
დღეს და ყოველთვის, ჩვენს ტელევიზიას თანადგომა სჭირდება და არა ლანძღვა. მე ვუყურებდი თინათინ ბერძენიშვილს, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ. ასე აღელვებული, ასე ემოციური ძალიან იშვიათად მინახავს. ადამიანს ეჩხუბო იმის გამო, რაც პირველ რიგში, მას აწუხებს, ეს არის უსინდისობა. ბორდმა, ჩვენ ყველამ ერთად, ჩემი აზრით, სრულად უნდა დაიცვას ტელევიზიის დამოუკიდებლობა. ჩვენი ყველა თანამშრომელი უნდა იყოს დარწმუნებული, თინათინ ბერძენიშვილით დაწყებული და ნებისმიერი ადამიანით დასრულებული, რომ ბორდი მათ თავისუფლებას და პროფესიულ ღირსებას დაიცავს. ეს მათ გარანტირებულად უნდა ესმოდეთ და ჩვენ უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, ამის გარანტები.
მე ვუცხადებ ძლიერ სოლიდარობას თინათინ ბერძენიშვილს და არხის ყველა თანამშრომელს. მე პირადად, როგორც ერთი წევრი სამეურვეო საბჭოსი, არ დავუშვებ, ჩემი ძალა რის შესაძლებლობასაც მომცემს, იმას, რომ ასე „უპრაგონოდ“ ლანძღავდნენ ჩვენს თანამშრომლებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ წესი არ არის, მეორეც – მათ ეს არ დაუმსახურებიათ.
თინათინ ბერძენიშვილს რაც შეეხება, მისი კვალიფიკაციის მენეჯერი არ მგონია, რომ ძალიან ბევრი იყოს ჩვენს სატელევიზიო სივრცეში. მე ვსაუბრობ როგორც ორგანიზაციული, შემოქმედებითი, ისე ფინანსური თვალსაზრისით და მინდა, თინათინ ბერძენიშვილს ვუთხრა, თუკი დადგება ნდობის საკითხი, თუნდაც დღესაც, მე ვიქნები ერთ-ერთი მათგანი, ვინც მას სრულ ნდობას გამოუცხადებს, რადგან დღეს ვერ ვხედავ უკეთეს მენეჯერს ჩვენს სატელევიზიო სივრცეში.
დაბოლოს, „ტელესკოლაზე“ რომ იწყებენ ხოლმე რაღაც ძალიან დიდ მოთქმას, ხანდახან მეცინება. მე ხომ ვარ მოწმე, როგორ იქმნებოდა „ტელესკოლა“, რა ვითარებაში შეიქმნა, ორ კვირაში როგორ აეწყო, რამდენი ფუნქცია აიღო თავის თავზე, ბევრი აკრიტიკებდა, ბევრს მოსწონდა, ეს ცოცხალი პროცესი იყო. რაღაც მომენტში, თავისი თავი ამოწურა და უკვე იყო ლაპარაკი იმაზე, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამაზე მიანიშნებდა, რომ „ტელესკოლის“ ახალი ფორმატი უნდა გაგვეაზრებინა. კი ბატონო, მეც ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, როგორ შეიძლება, არ ვიყო. დავიჩემებ, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ ამ გადაცემის, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ ჩვენი შესაძლებლობებიდან. რა გვაქვს. უახლოეს ხანს უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს პრიორიტეტებს და კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ცხადია, ზურგს არ ვუჩვენებთ. ეს ყველაფერი უცილობლად შესრულდება. ის ფუნქციები, რაც ჰქონდათ ამ გადაცემებს, შესაძლოა, ნაწილობრივ სხვა გადაცემებმა ან სხვა ფორმატებმა იტვირთონ.
ჩვენ რთული პერიოდი გველოდება, მაგრამ ასევე უნდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ის გადაცემები, რომლებიც შესაძლოა, დღეს აღარ არის და ასევე ის ფუნქციები, რომელიც ჩვენ პირდაპირ კანონით გვაქვს განსაზღვრული, აუცილებლად მიიღებს თავის ახალ ხასიათს, ახალ ფორმატს და ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს თავის მაუწყებელს.