გია მურღულია - განათლების ხარისხის პირველი გარანტორი არის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, ამიტომ, მთელი ფული მასწავლებელში
განათლების ხარისხის პირველი გარანტორი არის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, ამიტომ, მთელი ფული მასწავლებელში, – განაცხადა სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„სკოლამ სამი მთავარი მიზანი უნდა შეასრულოს – ბავშვს საგანი ასწავლოს, უნარები განუვითაროს და ღირებულებითი სისტემა ჩამოუყალიბოს. საბოლოო ჯამში, ყველა ეს პრობლემა თავს მასწავლებელთან იყრის. თანამედროვე სასკოლო პროცესი თვისებრივად ახალ ამოცანებს აყენებს და ამას პედაგოგების თვისებრივად ახალი მომზადება სჭირდება. მთელი სამყარო ამას ლაპარაკობს, რომ განათლების ხარისხის პირველი გარანტორი არის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, ამიტომ, მთელი ფული მასწავლებელში“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, დადასტურებულია, რომ განათლებაში ჩადებული თითოეული დოლარი გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სფეროში ჩადებული ფული, მაგრამ ეს დოლარი ჭკვიანი დოლარი უნდა იყოს.
„ეს არ არის უბრალოდ დოლარი. ეს ჭკვიანი დოლარია, რომელიც იქ იდება, სადაც საჭიროა“, – განაცხადა მურღულიამ.
სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ როგორც ითქვა, სახელმწიფო განათლებისთვის დიდ ფულს გამოყოფს, რაც საინტერესო წანამძღვარია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ფული სად, რა მიმართულებებით დაიხარჯება და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იდეების განმახორციელებელი ვინ იქნება.
„ეშმაკს აი, ამ კითხვებში სძინავს. მე 25 მინისტრს მოვესწარი. აქედან, ათს მაინც ჰქონდა დაანონსებული სარეფორმო ნაბიჯები. ჯერჯერობით, ისიც კი არ გვაქვს გამოკვლეული და შეფასებული, მაგალითად, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ვთქვათ, ბოლო 25 წელიწადში რა ნაბიჯები გადაიდგა, რა იყო ამ ნაბიჯების მარგი ქმედების კოეფიციენტი, ვინ რა შექმნა, ან ვინ რა დააშავა. ჯერჯერობით, არავის არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს. ყოველი მომდევნო ლაპარაკობდა, რომ წინ რაც მოხდა, ის არ ვარგოდა“- განაცხადა მურღულიამ.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ძალიან კარგია და მისასალმებელი, მაგრამ ის რისკებს ხედავს მისი იმპლემენტაციის დროს.
„მე მაქვს კითხვები – გაიზრდება თუ არა ვაუჩერი, სკოლის მოსწავლეზე გამოყოფილი თანხა, მიეცემათ თუ არა სკოლებს შესაძლებლობა, რომ ინოვაციური პროექტები დააფინანსონ, ექნება თუ არა სკოლას თავის ბიუჯეტში რაღაც აკადემიური, ან სოციალური მანევრის შესაძლებლობა და უფლება, გაიზრდება თუ არა სკოლის ე.წ. საბაზისო დაფინანსება, დაფინანსდება თუ არა პროფესიული განვითარების მასშტაბური სისტემა, რაც ჩვენი აქილევსის ქუსლია, გაიზრდება თუ არა მასწავლებლის ხელფასი და თუ გაიზრდება, როდიდან, ან რამდენად, გაიზრდება თუ არა იმდენად, რომ ამან მოტივაცია შექმნას და ა.შ.“ – განაცხადა გია მურღულიამ.