გია მურღულია - ჩვენი საზოგადოების განწყობა ხშირ შემთხვევაში იმის საწინააღმდეგოა, რასაც ბავშვს სკოლაში ვასწავლით
ძალიან ბევრ კერძო სკოლაში ბულინგის პრობლემასთან გამკლავების სხვა გზაა არჩეული, რასაც სახელმწიფოსაც ვურჩევდი, – ამის შესახებ სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრობლემების აბსოლუტური გადაწყვეტის პანაცეა არ არსებობს. იმ ქვეყნებშიც, საიდანაც ექსპერტებს ვიღებთ ხოლმე, რომლებიც ჩვენს სპეციალისტებს ტრენინგებს უტარებენ, ძალადობა სრულად ამოძირკვული არ არის და საუბედუროდ, ვერც ვერასდროს იქნება“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, ძალადობა არა იმდენად სკოლების პრობლემაა, რამდენადაც საზოგადოების.
„შესაბამისად, ამას მხოლოდ სკოლებში შებრძოლებით ვერ დავამარცხებთ. რა თქმა უნდა, პრობლემების კონტროლს მათი თავიდან აცილება სჯობს, მაგრამ პრევენცია და კონტროლი აუცილებელია. საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ გონივრული კონტროლი არსებობდეს“, – განაცხადა მურღულიამ.
როგორც სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებაშიც და სკოლაშიც აღზრდის სისტემა კატასტროფულად მოიკოჭლებს.
„ცოდნა და ქცევა ორი სხვადასხვა რამ არის. მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, ამის საწინააღმდეგოდ მოვიქცე. ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი აქცენტი აღზრდის სისტემაზე გაკეთდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა ხშირ შემთხვევაში იმის საწინააღმდეგოა, რასაც ბავშვს სკოლაში ვასწავლით. ხშირად შევხვედრივარ მშობლებს, რომლებიც არამხოლოდ საკუთარ შვილებთან ურთიერთობის დროს, არამედ ჩემთან ლაპარაკის დროსაც საუბრობენ იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია კრიმინალური ვაჟკაცური სულისკვეთების გაღვივება და ბავშვში ჩანერგვა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს დღეს უკვე თანაბრად ეხება როგორც ყმაწვილებს, ასევე გოგონებს“, – განაცხადა გია მურღულიამ.
მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.