გია იაკობაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საბოტაჟია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია იაკობაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად აფასებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარანტირებული დაფინანსებიდან გამომდინარე, რასაც კანონი ითვალისწინებს, მაუწყებელს შეუძლია, დაგეგმოს ყოველი მომდევნო წელი და ყოველი მომდევნო სეზონი. ანუ არის მუშაობის და შემოქმედებითი შრომის თავისუფლება. აი, სწორედ ეს საფრთხეა პირველი, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. თუმცა, სადრთხის გარდა, მინდა სხვა საკითხზე გავამახვილო ყურადღება – როგორც ჩანს და საზოგადოება ამაც ამას კარგად ხედავს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ნელ-ნელა იკრებს ძალას და იმ რელსებზე დგება, რომ სწორად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც მის წინაშე დგას. როგორც ჩანს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ეს საფრთხე დაინახა და სწორედ ახლა წარმოადგინა ეს ინიციატივა“ – აცხადებს გია იაკობაშვილი.
მისივე თქმით, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადება სერიოზულად არ უნდა განიხილებოდეს.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.