გია გაჩეჩილაძე - ცხოვრებაში ჰალსტუხი არ მკეთებია და პოლიტიკაში ჩავერთო?
ვიბრძოდი, რადგან ეს ჩემთვის პოლიტიკა არ არის მარტო, ეს არის საქართველოს ხვალინდელი დღე, ჩემთვის არის ღირსებისთვის ბრძოლა და არა პოლიტიკაში მოსვლის გამო ბრძოლა, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შემდეგ განაცხადა.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს გაცოცხლდა „დაიცავი საქართველო“ და მოძრაობა აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა: „მე მეკითხებით ამას? ცხოვრებაში ჰალსტუხი არ მკეთებია და პოლიტიკაში ჩავერთო? არა.“
„თუ „დაიცავი საქართველო“ ოპოზიცია იქნება, ესეც ჩვეულებრივი პროცესია. დათო მაღრაძეზე და იმ ახალგაზრდებზე, ვინც აქ გამოდიოდნენ, მაგათზე კარგი ოპოზიცია ვინ უნდა ინატროს. თავად ამბობდნენ „ქართული ოცნების“ მამამთავრები, ნეტა, საქართველოს მისცეს ოპოზიცია ისეთიო, რომ „ნაციონალები“ არ იყვნენ მარტოო და აჰა ბატონო – ბურთი და მოედანი. იყოს ოპოზიცია. თუ ბრძოლას დავარქმევთ, კი ბატონო, მაგრამ მე ბრძოლას არ დავარქმევდი ამას, უბრალოდ ამ სიტუაციას დავარქმევდი იმას, რომ გაჩნდა რაღაც ახალი ძალა იმისთვის, რომ პრეტენზია ჰქონდეს ოპოზიციაში ყოფნის დღეს და ხვალ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლისაც“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.