დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ნაციონალური რევანშით
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ნაციონალური რევანშით

საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილისა და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობისგან, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მოუსმენს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით.

„დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა და მოსმენა. მოვედი და მოვუსმენ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამშრომლობას „დაიცავი საქართველოსთან“ თუკი ის პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობა“ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატო-ს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველას. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და თავის ადგილს. საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილის და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობის და ამ მოჯადოვებული წრისგან. „შენების მოძრაობამ“ ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი