გია ჟორჟოლიანი - სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს
სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს. ნაცვლად ამისა, თითოეულ მოქალაქეს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს მისი გადახდილი გადასახადიდან რომელი პარტია მიიღებს დაფინანსებას ან საერთოდ აქვს თუ არა სურვილი რომელიღაც პოლიტიკური პარტია დააფინანსოს. დღეს არსებული კანონმდებლობით, პარტიები, არჩევნებზე განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პირდაპირი წესით იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რომელსაც გადასახადების გადამხდელები ქმნიან. კონკრეტული პარტია იღებს დაფინანსებას და მოქალაქეების პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, აქვთ თუ არა სურვილი მათ მიერ გადახდილი გადასახადი მოხმარდეს ამ პარტიას, ან საერთოდ, უნდათ თუ არა რომელიღაც პარტიის დაფინანსება“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად თავად აირჩევენ, თუ რომელი პოლიტიკური პარტია მიიღებს მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 0,3%-ს.
„მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს მათგან დაფინანსებას, ან არცერთი პარტია არ აირჩიონ. აღნიშნული იდეის განხორციელება გაზრდის პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ურთიერთკავშირს, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ უფრო მეტად გააქტიურება და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მომუშავე ორგანიზაციები არ იქნებიან. გარდა ამისა, ასეთი მოდელი უფრო მეტად დემოკრატიული და სამართლიანიცაა, როცა ყველა მოქალაქეს თავად ეძლევა შესაძლებლობა, აირჩიოს პარტია, რომლის დაფინასების სურვილიც აქვს და შეუწყვიტოს დაფინანსება, მაშინ როდესაც გადაწყვეტს, რომ ეს პარტია აღარ გამოხატავს მის ინტერესებს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.