გია ჟორჟოლიანი - ხალხი უნდა გაერთიანდეს სოციალ-დემოკრატიული იდეების ირგვლივ
გია ჟორჟოლიანი - ხალხი უნდა გაერთიანდეს სოციალ-დემოკრატიული იდეების ირგვლივ

„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, ხოლო პოლიტიკას რევოლუციური ცვლილებები სჭირდება და ეს სოციალ-დემოკრატიული წყობაა.

პარტია „სოციალ-დემოკრატებმა“ კონფერენცია გამართეს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს და არსებული პოლიტიკის ცვლილების ძირითადი მიმართულებები და რეფორმები წარადგინეს.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ხალხის დიდი უმრავლესობა უნდა გაერთიანდეს „სოციალ-დემოკრატიული“ იდეების ირგვლივ და ამ ფართო, სახალხო მოძრაობამ უნდა დაამარცხოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის არსებობის პირობებში „ქვეყანას ნორმალური განვითარება არ უწერია“. „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებასთან ერთად, დამარცხდება „ქართული ოცნებაც“.

„დღევანდელი შეხვედრა ორ საკითხს ეძღვნება, მიმდინარე მოვლენების შეფასება და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ცვლილების ძირითადი მიმართულებების წარდგენა. ყველანი მომსწრენი ვართ უაღრესად კრიტიკული და კრიზისული ვითარების, რომელიც შეიცავს ძალიან დიდ რისკებს დესტაბილიზაციის. ამის მიზეზი ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, პროპორციული არჩევნების შეცვლის თაობაზე. ჩვენ პროპორციულს ვუჭერთ მხარს, მათ შორის გვქონდა წინადადება, რომელიც არიგებდა ერთმანეთთან რეგიონულ და პროპორციულ სისტემას, მაგრამ მიგვაჩნია, ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების მეშვეობით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. მორიგი ცვლილება კი არ უნდა მოხდეს ხელისუფლებაში, უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილება ჩვენი პოლიტიკის, ხალხის დიდი უმრავლესობა უნდა გაერთიანდეს სოციალ- დემოკრატიული იდეების ირგვლივ და ამ ფართო სახალხო მოძრაობამ უნდა დაამარცხოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის არსებობის პირობებში ქვეყანას ნორმალური განვითარება არ უწერია. მის დამარცხებასთან ერთად დამარცხდება „ოცნებაც“, რადგან ეს ორი ძალა ერთმანეთს აცოცხლებს, ამ სახალხო სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ უნდა დაამარცხოს ორივე, მიიღოს გადამწყვეტი უმრავლესობა და ხალხთან ერთად შეცვალოს ჩვენი წყობა. ეს ნეოლიბერალიზმი, რომელიც 25 წელია ანგრევს ჩვენს ქვეყანას, უნდა შეიცვალოს ნორმალური განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკით“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.