გია ცაგარეიშვილი - ვენეციის კომისიის მოსაზრებები სამართლებრივ შეფასებას არ შეიცავს და მათი კრიტიკა მხოლოდ კანონის მიღების მიზანშეწონილობას, პოლიტიკურ მხარეს ეხება
გია ცაგარეიშვილი - ვენეციის კომისიის მოსაზრებები სამართლებრივ შეფასებას არ შეიცავს და მათი კრიტიკა მხოლოდ კანონის მიღების მიზანშეწონილობას, პოლიტიკურ მხარეს ეხება

ვენეციის კომისიის მოსაზრებები სამართლებრივ შეფასებას არ შეიცავს და მათი კრიტიკა მხოლოდ კანონის მიღების მიზანშეწონილობას – პოლიტიკურ მხარეს ეხება. ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ შეფასებებს ველოდებით ხოლმე. როცა საუბარია პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, ნება გვიბოძეთ, რომ მათი დასკვნა შესაბამისად შევაფასოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული კანონი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას იოტისოდენადაც არ ლახავს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, ამ თვალსაზრისით წესრიგში სხვა საკითხი დგება და დავა პოლიტიკურ სიბრტყეში გადადის. არ მგონია, რომ ვენეციის კომისია ამ სიბრტყეში უნდა შემოიჭრას და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუთითოს, რომელი საკანონმდებლო აქტის მიღებაა სასარგებლო. შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. ქვეყანაში არსებობს მომეტებული საფრთხეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ. ამიტომ, კანონის მიღებისას მზარდი საფრთხეებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ. კანონპროექტი პირველ რიგში სამართლადამცავთა თხოვნით შემუშავდა იმისთვის, რომ ამ სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანთა ავი ზრახვები უფრო ადვილად გამოვლინდეს. ეს ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაც არის, რათა ყველამ იცოდეს, რომ როცა დანაშაული იგეგმება, როცა მისი განხორციელება და აღსრულება ხდება, შესაბამისი ზომები იქნება გატარებული. მნიშნველოვანია, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაიცავს. სწორედ აქედან ამოვდივართ, როცა ამგვარ კანონპროექტებზე ვმსჯელობთ“, – განაცხადა ცაგარეიშვცილმა.

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას.