გია ცაგარეიშვილი - მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც ორივე მხრიდან ისმოდა, კელი დეგნანმა ყველაფერი გააკეთა, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები განვითარებულიყო და ინტენსიური გამხდარიყო
მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც ჩვენი მხრიდანაც გაისმოდა და მათი მხრიდანაც, ვფიქრობთ, რომ კელი დეგნანმა ყველაფერი გააკეთა, რათა ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც უკვე სამ ათწლეულს ითვლის, უფრო განვითარებულიყო და ინტენსიური გამხდარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის სტრატეგიული სახის ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს, უამრავ ქარტეხილსა და გამოწვევას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ელჩი, ახალ ხელწერას შეიტანს ამ ურთიერთობებში და ახალ ფორმებსაც მოძებნის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან ურთიერთობის და ამაში ცუდი არაფერი არ არის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, აშშ არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ეს სტრატეგიული პარტნიორობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.
„რაც შეეხება თავად ელჩის განცხადებას, პრორუსული ძალების მხრიდან არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარეობს ინტენსიური კამპანია პროევროპული, პროამერიკული, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, არამედ ეს არის მსოფლიო სენი, რომელსაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. შეფარული და აგრესიული ფორმით ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ამგვარი კამპანია, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც სხვადასხვა მეთოდით უპირისპირდებიან და ებრძვიან ამას. გამოვყოფ ქალბატონი ელჩის რამდენიმე განცხადებას, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა ჰქონდა ხოლმე. ვფიქრობ, ესეც აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. პარტნიორობა არ ნიშნავს ერთხმად ყველაფერზე საუბარს, პარტნიორობა, პირველ რიგში, ნიშნავს ცხოველ განხილვებს, დებატებს, ბჭობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას. აბსოლუტურად გახსნილი ვართ ამგვარი ურთიერთობებისთვის. მგონი, ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველოში ბევრ პოლიტიკურ მოვლენაზე ადამიანებს, მათ შორის სახელისუფლებო გუნდიდან, აქვთ და მომავალშიც ექნებათ განსხვავებული პოლიტიკური შეფასება. ამ შეფასების გამოთქმას ნურავინ აგვიკრძალავს ჩვენ. მგონი, ეს არის სწორედ ქართული დემოკრატიის მონაპოვარი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, კელი დეგნანი უშუალოდ ჩართული იყო საქართველოში ელექტრონული არჩევნების დამკვიდრების საქმეში.
„ჩვენ გავიზიარეთ აშშ-ის, ევროკავშირის, ასევე სხვა მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევები და დავამკვიდრეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ელექტრონული წესით არჩევნები, რომელიც გამოიცადა რამდენჯერმე რამდენიმე ოლქსა და უბანში. მივიღეთ ბრწყინვალე შედეგები და, შესაბამისად, დავნერგეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი არ აქვს ამგვარი მიღწევა, საკმაოდ დიდი პერიოდი და ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ამ რეფორმაში. იყო სრული ინსინუაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გავრცელებული, რომლებმაც აიტაცეს ელჩის ნათქვამი და წარმოჩინდა ისე, თითქოს ერთი სერვერიდან წარიმართება არჩევნები, რაც არასწორია. ჩვენ ერთ სერვერზე არ გადავედით, რადგან იყო რუსული ჰაკერული თავდასხმების საფრთხე, რომლისგანაც თავი ვერ აირიდა ვერც აშშ-მა, ვერც დიდმა ბრიტანეთმა, ვერც ევროკავშირმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო გამხოლოებული ყოველი უბანი, ანუ ამომრჩეველი, რომელიც კონკრეტულ უბანზე მისცემს ხმას, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ხმა ერთგვარად ერთ სერვერში არ იქნება მოთავსებული, სადაც შეიძლება, შეჭრა მოხდეს, სადაც შეიძლება, რაიმე სახის ზემოქმედება მოხდეს, ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.