გია ბუღაძე - იცით სადამდე მივა ეს ყველაფერი, ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“
იცით სადამდე მივა ეს ყველაფერი, ისინი დაიმსახურებენ „მაკრატლების რევოლუციას“,- ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბუღაძემ განმარტა, რომ „მაკრატლების რევოლუციაში“ სისხლის დაღვრას არ გულისხმობს. მისი თქმით, ზაზა სარალიძის შვილს ჭრილობები მაკრატლით ჰქონდა მიყენებული და „მაკრატლების რევოლუციის“ იდეა, როგორც ხელოვანს, აქციაზე სიმბოლურად გაუჩნდა.
„30 წელზე მეტია აქ ვიკრიბებით, რამდენი დარდი, ტკივილი, ცრემლი, სიხარული გვინახავს ამ მოედანზე.
მაგრამ ასეთი საშინელება, რის გამოც ახლა შევიკრიბეთ, ასეთი უბედურება ჯერ საქართველოში არ ყოფილა.
წარმოიდგინეთ რა ხდება, უსამართლობა, კოშმარი, ტყუილი, გაუტანლობა. ამ მთავრობამ შექმნა უსამართლობის, დაუსჯელობის საოცარი განცდა და ყველზე მთავარი, შექმნა იდეის გარეშე ყოფნის განცდა. მაინცდამაინც ელიტა უნდა იყოს ზაზა რომ მისი შვილისთვის მიექციათ ყურადღება?
იცით სადამდე მივა ეს ყველაფერი? ყველაფერი სიმბოლურია, მხატვარი ვარ და სიმბოლურად ვაზროვნებ – ისინი დაიმსახურებენ მაკრატლების რევოლუციას, არ ვგულისხმობ ბრძოლას, სისხლის დაღვრას, ეს სიმბოლოა როგორ დაუჩეხეთ ბავშვი მაკრატლით და უმალავთ, ფაქტობრივად არ უთანაგრძნობთ, არ გესმით. ჩაერიეთ ყველაზე ღრმა ტრაგედიაში, მამისა და შვილის, დედისა და შვილის ურთიერთობაში და ცინიკურად ეუბნებით, რომ არაფერი მომხდარა, ვიღაცებს ხელს აფარებთ. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ჩვენი კეთილი არ სურს, გამოფხიზლდით მეგობრებო, მიხარია რომ ბევრნი მოხვედით“,- განაცხადა გია ბუღაძემ.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ ზაზა სარალიძის ორგანიზებით იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნებია დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მკვლელობის ორგანოზატორი იყო, ასევე მათივე განცხადებით, უნდა დაისაჯონ მკვლელობის დაფარვაში მონაწილეებიც.
აქციას შეურთდა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს, 17:00 საათზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა პარლამენტთან მოითხოვეს.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.