ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის, Colangelo & Partners-ის წარმომადგენელი.

ტურის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო.

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ტურების, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედიაკამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა, CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN-ი, The Wall Street Journal-ი, Men’s Journal-ი, Imbibe, Wine-Searcher-ი, SOMM TV, Forbes-ი, Wine Enthusiast-ი).

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია Colangelo & Partners-ი 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე, 15 წელზე მეტია, ოპერირებს. აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 364 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება. აშშ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.