ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში 5 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში 5 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს 5 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 160 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 30 ღვინის საწარმო.

მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.