ღრმა კოსმოსში აღმოჩენილია გიგანტური სტრუქტურა, რომელიც სამყაროს ჩვენეულ გაგებას ეჭვქვეშ აყენებს — #1tvმეცნიერება
ღრმა კოსმოსში აღმოჩენილია გიგანტური სტრუქტურა, რომელიც სამყაროს ჩვენეულ გაგებას ეჭვქვეშ აყენებს — #1tvმეცნიერება

შორეულ კოსმოსში აღმოჩენილი გიგანტური სტრუქტურა ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას სამყაროს ევოლუციის შესახებ.

სინათლეში, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად 6,9 მილიარდი წელიწადი იარა, ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკების მიერ წარმოქმნილი გიგანტური, თითქმის სრულყოფილი რკალი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 1,3 მილიარდი სინათლის წელია. ის ჩვენთვის ცნობილი არცერთ სტრუქტურას ან წარმოქმნის მექანიზმს არ ემთხვევა.

დიდი რგოლი, როგორც ამ სტრუქტურას უწოდეს, შეიძლება კოსმოლოგიის სტანდარტული მოდელის შეცვლის მიზეზი გახდეს.

აღმოჩენა ბრიტანეთის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის ასტრონომმა ალექსია ლოპესმა გააკეთა. შედეგები მისმა ჯგუფმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 243-ე შეხვედრაზე წარმოადგინა.

ის ლოპესისა და მისი კოლეგების მიერ აღმოჩენილი მეორე გიგანტური სტრუქტურაა. პირველი, რომელსაც გიგანტური თაღი უწოდეს, ცის იმავე ნაწილში მდებარეობს, ჩვენგან იგივე მანძილზე. ის 2021 წელს აღმოაჩინეს და ასტრონომთათვის დიდ თავსატეხად იქცა. დიდმა რგოლმა ეს საიდუმლო უფრო გააღრმავა.

„ვერცერთ ამ ულტრადიდ სტრუქტურას ვერ ხსნის ჩვენი ამჟამინდელი გაგება სამყაროს მიმართ. მათი ულტრადიდი ზომები, განსხვავებული ფორმები და კოსმოლოგიური სიახლოვე რაღაც აშკარად მნიშვნელოვანს უნდა გვეუბნებოდეს, მაგრამ ზუსტად რას?“, — ამბობს ლოპესი.

ყველაზე მყისიერი კავშირი ე. წ. ბარიონულ აკუსტიკურ რხევებთან (BAO) ჩანს. ეს გახლავთ გიგანტურად, წრიულად განლაგებული გალაქტიკები, რომლებიც კოსმოსში ბევრგან გვხვდება. სინამდვილეში, ისინი სფეროებია, ადრეულ სამყაროში გავრცელებული აკუსტიკური ტალღების „ნამარხები“, რომლებიც მაშინ გაიყინა, როცა სივრცე იმდენად დიფუზიური გახდა, რომ აკუსტიკურ ტალღებს გადაადგილება აღარ შეეძლო.

დიდი რგოლი ბარიონული აკუსტიკური რხევა (BAO) არ არის. ყველა BAO-ს ფიქსირებული ზომა აქვს — დაახლოებით მილიარდი სინათლის წელი დიამეტრში. დიდი რგოლის კვლევა აჩვენებს, რომ მას უფრო კორპსაძრობის ფორმა აქვს, რომელიც ისეა განლაგებული, რომ რგოლს წააგავს.

ეს კი დიდ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს: რა არის ის? რას ნიშნავს ის კოსმოლოგიური პრინციპისთვის, რომელიც ბრძანებს, რომ სივრცის ნებისმიერი მოცემული ნაწილი ყველა მიმართულებით თითქმის ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც სივრცის სხვა ნაწილები?

სამყარო

„როდესაც სამყაროს ფართო მასშტაბით ვუყურებთ, გვაქვს მოლოდინი, რომ მატერია სივრცეში ყველგან თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული და შესაბამისად, გარკვეული ზომების ზემოთ, ასეთი აშკარა დარღვევები აღარ უნდა იყოს“, — განმარტავს ლოპესი.

მისი განცხადებით, კოსმოლოგებმა დაიანგარიშეს, რომ სტრუქტურების ზომის ამჟამინდელი თეორიული ზღვარი 1,2 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ ორივე ეს სტრუქტურა გაცილებით დიდია — გიგანტური თაღი თითქმის სამჯერ დიდია და დაახლოებით მისი სიგრძის ზომაა დიდი რგოლის გარშემოწერილობაც.

თუმცა, ზომა მხოლოდ ერთ-ერთია პრობლემებიდან. მეორეა, რას ნიშნავს ის კოსმოლოგიისთვის, სამყაროს ევოლუციის შესწავლისთვის. ამჟამინდელი მოდელი საუკეთესოდ ერგება იმას, რასაც ვაკვირდებით, მაგრამ არის გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც ამ მოდელით ვერ აიხსნება.

ამ მახასიათებელთა ამოსახსნელად გაჩნდა სხვა მოდელებიც. ერთ-ერთი ასეთი მოდელის, როჯერ პენროუზის მიერ შემუშავებული კონფორმული ციკლური კოსმოლოგიის მიხედვით, რომელშიც სამყარო დიდი აფეთქებებისა და გაფართოებების დაუსრულებელ ციკლებს გადის, რგოლური სტრუქტურები მოსალოდნელია — თუმცა, კონფორმულ ციკლურ კოსმოლოგიას თავის მხრივ დიდი პრობლემები აქვს.

კიდევ ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ეს სტრუქტურები ტოპოლოგიური დეფექტებია სივრცე-დროის ქსოვილში, რასაც კოსმოსურ სიმებს უწოდებენ. მიჩნეულია, რომ ეს არის პროტონის სიგანის ნაოჭები, რომლებიც ადრეულ სამყაროში სივრცე-დროის გაჭიმვასთან ერთად გამოჩნდა, შემდეგ კი ადგილზე გაიყინა. კოსმოსური სიმების ფიზიკური მტკიცებულებები აღმოჩენილი არ არის, მაგრამ თეორიული მტკიცებულება საკმაოდ იმედისმომცემია.

ამ დროისათვის, ზუსტად არავინ იცის, რას წარმოადგენს დიდი რგოლი და დიდი თაღი. ისინი შეიძლება უბრალოდ გალაქტიკების შემთხვევითი განლაგება იყოს, მაგრამ ამის ალბათობა საკმაოდ მცირე ჩანს.

ყველაზე კარგი შემთხვევა იქნებოდა გალაქტიკების ასეთი განლაგების მეტი შემთხვევის პოვნა.

„ამჟამინდელი კოსმოლოგიური თეორიების მიხედვით, ამ მასშტაბის სტრუქტურათა არსებობა შეუძლებელია. შეიძლება ელოდო ერთი წარმოუდგენლად დიდი სტრუქტურის არსებობას დაკვირვებად სამყაროში, მაგრამ დიდი რგოლი და გიგანტური თაღი ორი უზარმაზარი სტრუქტურაა და თანაც, ისინი კოსმოლოგიური მეზობლები არიან, რაც საოცრად მომაჯადოებელია“, — აღნიშნავს ლოპესი.

მომზადებულია uclan.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.