დღეს 11 სექტემბერია. საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, ამ თარიღთან დაკავშირებით „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.
მარათონმა სტარტი დედოფალ ელისაბედ მეორის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ბენდის მიერ სწავლებაში სპეციალურად ჩამოტანილი ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებით შესრულებული კომპოზიციით აიღო. სპორტული გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. სწავლების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა, კოინები და სერტიფიკატები გადასცეს.
დღესვე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად 11-კილომეტრიანი მარში ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს. JTEC-ის პირადმა შემადგენლობამ სტარტი საბრძოლო მომზადების ცენტრიდან (CTC) საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით IV მექანიზებული ბრიგადის მიმართულებით აიღო.
მოგვიანებით მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა 9/11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულები გაიხსენეს. მათ მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, სწავლებაში ჩართული საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.