მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები იწყება
მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები იწყება

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა და სამინისტროს, ფაქტობრივად, სრული სურათი აქვს, გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს.

მისივე თქმით, ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის შესასწავლად. ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.

დღეს მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას. ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება – აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს, მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.