ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტისთვის რეგისტრაცია დაიწყო

OGP-ის გლობალური სამიტისთვის რეგისტრაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 17-19 ივლისს საქართველოში გასამართი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტისთვის სპეციალური ვებგვერდი (http://ogpsummit.org/) სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

ვებგვერდის საშუალებით, მონაწილეთა რეგისტრაცია და თემატური სესიებისთვის იდეების წარდგენა უკვე შესაძლებელია.

სამიტის დღის წესრიგი ღია მმართველობის პროცესში ჩართული საზოგადოების მონაწილეობით ჩამოყალიბდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო სერვისების მიწოდება, საზოგადოების ჩართულობა და ღია მიმართულება (Open Track) – ეს ის საკითხებია რომლებზეც მსურველებმა სესიების/პანელების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინონ. წინადადებების წარდგენისა და მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 მარტია.

ვებგვერდი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქმა“ „OGP“-ს საერთაშორისო სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა და ის ეტაპობრივად განახლდება. ვებგვერდზე სამიტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და დღის წესრიგი განთავსდება.

საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გასული წლის სექტემბერში გახდა. ქვეყანამ პლატფორმის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადმოიბარა.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა და საერთაშორისო პარტნიორობას 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) ხელმძღვანელობს.

დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.

საერთაშორისო დონეზე „OGP“-ის ფორმატში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობა 75 ქვეყანას აერთიანებს.