გიორგი კლდიაშვილი - მთელი მსოფლიო ელოდება საქართველოსგან მიღწევებს, ასეთი კი,  ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა 
გიორგი კლდიაშვილი - მთელი მსოფლიო ელოდება საქართველოსგან მიღწევებს, ასეთი კი,  ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა 

მთელი მსოფლიო ელოდება საქართველოსგან მიღწევებს, ასეთი კი, ჩვენი შეთავაზებით, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა, – ამის შესახებ IDFI-ს ხელმძღვანელმა, გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტზე განუცხადა, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ქართული და მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„დღეს შეკრებილი ვართ 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომელიც არსებობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში და გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გაქვს.

მისი შეფასებით, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ მთავრობის პარლამენტის, ხელისუფლების ყველა შტოს და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობაა იმისთვის, რომ ქვეყნაში დემოკრატიული მიმართულებები განვითარდეს.

კლდიაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისადმი „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაზეც ისაუბრა.

„ჩვენი მთავრობისადმი მიმართვა გულისხმობდა, რომ საქართველოს მთავრობა წარდგეს ამბიციური გეგმით; აიღოს ვალდებულებები რეფორმების მიმართულებით, რადგან სამოქალაქო საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ, რომელიც ესწრება ფორუმს, დაინახოს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია რეფორმების გატარება; გაუზიაროს სამოქალაქო საზოგადოებას, რისთვისაც საქართველო იქნა არჩეული თავმჯდომარედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ამ მიღწევას სჭირდება გამართლება. მთელი მსოფლიო ელოდება საქართველოსგან მიღწევებს, ასეთი არის ჩვენი შეთავაზებით, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა“, – განაცხადა კლდიაშვილმა.

მისი თქმით, ამას ითხოვენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფორუმის წევრები.

„ჩვენ გვინდა მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც გაერთიანებული იქნება პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან, იყოს სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც შეუერთდნენ და კიდევ შეუერთდებიან „ღია მმართველობის პარტნიორობას“.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.