ღაზის სექტორის საზღვარზე სამი პალესტინელი დაიღუპა
ღაზის სექტორის საზღვარზე სამი პალესტინელი დაიღუპა

ღაზის სექტორის საზღვარზე, ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებსა და არაბებს შორის შეტაკების დროს, სამი პალესტინელი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი პალესტინელი ექიმების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი 14 წლის მოზარდია.

ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ მათ ძალა აუცილებლობის გამო გამოიყენეს, რადგან 12 ათასამდე დემონსტრანტი ერთდროულად რამდენიმე სასაზღვრო პუნქტს თავს ესხმოდა.

ისრაელის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, არაბები მათი მიმართულებით ქვებსა და ხელნაკეთ ბომბებს ისროდნენ.

ღაზის სექტორის საზღვართან დემონსტრაციები უკვე რადენიმე თვეა გრძელდება. „დაბრუნების დიდი აღლუმის“ სახელით ცნობილი აქციები ყოველ პარასკევს იმართება. მასში ათასობით პალესტინელი იღებს მონაწილეობას.

პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან, ღაზას სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

მასშტაბური დემონსტრაციები კი ხშირად პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების შეტაკებებით სრულდება.

30 მარტის შემდეგ, აქციებზე მომხდარ არეულობებს საერთო ჯამში 176 პალესტინელი შეეწირა.