ღაზასა და ისრაელის საზღვარზე არეულობა გრძელდება. პალესტინელი აქტივისტი, რომელიც ერთი კვირის წინ მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს, დღეს გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციის განახლება მოჰყვა.
შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
ღაზა-ისრაელის საზღვარზე პალესტინელებმა საბურავები მიიტანეს. ისინი დღეს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. ადგილზე ისრაელის სპეცრაზმი და მძიმე ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.
ე.წ. დაბრუნების მარში ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ მათი მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გამოხატავს.
მარშის 20 ათასამდე მონაწილე მავთულხლართებს მიუახლოვდა, რასაც ისრაელის სპეცრაზმთან შეტაკებები მოჰყვა. პალესტინურმა მხარემ 6-კვირიანი მარში დააანონსა.