საგარეო უწყება – საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ოთხივე უსაფრთხო ადგილასაა

08:39, 08.10.2023

საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მსგავსი