ღაზას სექტორის საზღვართან შეტაკებებს 12 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა
ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის სასაზღვრო ჯარსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „დაბრუნების მარში“, ღაზას სექტორის საზღვართან აღმართულ მავთულხლართებთან იმართება. აქციაში 17 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „დაბრუნების მარშის“ ფარგლებში, პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რომელიც პალესტინურ მხარეს ოკუპირებულ მიწადაა აღიარებული.
ისრაელის ჯარმა საზღვართან მოახლოებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც „დაბრუნების მარშში“ მონაწილეებს შორის რამდენიმე ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, სასაზღვრო დაცვამ მათ ცეცხლი გაუხსნა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისრაელის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.
პალესტინელები ამბობენ, რომ აქციები ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „დაბრუნების მარში“ პალესტინაში 1976 წლიდან იმართება.