ღასან ხალილი - განათლების მინისტრი ჩამოაყალიბებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც სასკოლო კვების საკითხზე შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას, ვიმედოვნებთ, ერთ თვეში ეს მოდელი შემუშავებული იქნება
დღეიდან მუშაობას დაიწყებს სამინისტროთაშორისი ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და განახორციელებს ამ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უფასო კვების მოდელთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს მე განვიხილავ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის სასკოლო კვების პროგრამა, რასთან დაკავშირებითაც მე გასულ კვირას მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, გუშინ შევხვდი განათლების მინისტრს. სასკოლო კვების პროგრამა უკვე დადგა დღის წესრიგში, დაიწყო მისი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. ეს კონკრეტულად გამოიხატება იმაში, რომ განათლების მინისტრი ჩამოაყალიბებს სამინისტროთაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ბავშვთა ფონდი და ამ ჯგუფის ფარგლებში განიხილება პრაქტიკული საკითხები სასკოლო კვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღასან ხალილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე წინა პარასკევს პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
„ჩვენ განვიხილეთ ბავშვთა სასკოლო კვების საკითხი და პრემიერ-მინისტრმა საპასუხო ქმედითი ნაბიჯები გადადგა. გუშინ ასევე გვქონდა შეხვედრა განათლების მინისტრთან. დღევანდელი დღიდან უკვე მუშაობას დაიწყებს სამინისტროთაშორისი ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და განახორციელებს ამ გეგმას. რაც შეეხება სასკოლო კვების პროგრამის უპირატესობებს, ის არის, რომ პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ბავშვების სკოლაში დარჩენას, მათი სკოლაში სიარულის ხელშეწყობას. სასკოლო კვება ასევე გააუმჯობესებს მათ სწავლის შესაძლებლობებს, გონებრივ მზადყოფნას სწავლისთვის. სოციალური ეფექტი ექნება ასევე იმიტომ, რომ როდესაც ბავშვები ერთად სადილობენ, ერთმანეთთან სოციალიზაცია ხდება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს დისტანციისა და უსაფრთხოების დაცვით და ასევე, რაც ერთმნიშვნელოვანი საკითხია, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, ადგილობრივი ფერმერებისგან მათი ნაწარმის გასაღების ბაზარი. ალბათ ეს უნდა იყოს სეზონური ხილი, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტი“, – აღნიშნა ღასან ხალილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან სასკოლო კვების საკითხზე დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება.
„სამინისტროთაშორის ჯგუფს რაც შეეხება, ეს იქნება საბოლოო პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს. ეს იქნება საბოლოო კონცეფცია. ამ კონცეფციაზე იქნება მუშაობა, შემდეგ ეს კონცეფცია წარედგინება პრემიერ-მინისტრს და გაიცემა რეკომენდაციები იუნისეფ-ის მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე. ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე მოდელს და შემდეგ საბოლოოდ სამოქმედო ჯგუფი გადაწყვეტს, რომელ მოდელზე შეჩერდნენ. საერთოდ, რა შედის ხოლმე ბავშვის კვების კომპლექტში, არის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. ზოგიერთ ქვეყანაში არის, მაგალითად, ე.წ. ლანჩბოქსი, წასახემსებელი. ზოგიერთ ქვეყანაში არის ერთი ხილი, თუმცა იუნისეფ-ის რეკომენდაციაა და ამაზეც პოლიტიკური მზადყოფნა დავინახეთ, ეს არის სკოლის სადილი, რომელშიც იქნება საჭირო საკვები ნივთიერებები, საჭირო ვიტამინები. ეს იქნება განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საკითხი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთ თვეში ეს მოდელი უკვე იქნება შემუშავებული. ეს მოდელი იქნება ტექნიკურ და სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ღასან ხალილმა.