საქართველოს პარლამენტსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს პარლამენტსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით სერგეენკომ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

„საქართველოს გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდთან წლების თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა, დღევანდელი დოკუმენტი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას იძლევა. ამის აუცილებლობა იმითაც არის გამოწვეული, რომ საქართველოს პარლამენტმა ორი წლის წინ მიიღო ბავშვთა დაცვის კოდექსი. ინტენსიური კონსულტაცია გვქონდა „იუნისეფთან“ და ვფიქრობ, რომ მემორანდუმის ხელმოწერიდან, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დამსწრეებს მიმართა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის მოადგილემ. ფილიპ კორიმ ბავშვის უფლებათა კოდექსის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი უნიკალური ინიციატივაა. საქართველოს პარლამენტი ერთადერთი პარლამენტია მსოფლიოში, რომელმაც აღნიშნული კოდექსი დაამტკიცა. ეს შთამაგონებელი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, რომ ბავშვებში ჩადებული ინვესტიცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა ფილიპ კორიმ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალილის შეფასებით, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ოფიციალურ ფორმატში გადატანა მნიშვნელოვანია ეფექტური აღსრულებისთვის.

„ვფიქრობ, რომ აქამდე არსებული თანამშრომლობისთვის ფორმალური სახის მიცემას ახალი ასპექტი შემოაქვს – ეს არის შეფასების კულტურის ელემენტები ამ თანამშრომლობაში, ვინაიდან, ოფიციალურ დონეზე ანგარიშვალდებულების გაჩენა მნიშვნელოვანია. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ყველა ბავშვის წინაშე საქართველოში.

მიმაჩნია, რომსწორედ ბავშვები არ მოგვცემენ საშუალებას, რომ რამე დავარღვიოთ და ამ ვალდებულებების შესახებ მუდმივად შეგვახსენებენ, ვინაიდან ახლა მათ ხელში ბავშვის უფლებათა კოდექსი უჭირავთ“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

ისტორიული მნიშვნელობის ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ბავშვთა უფლებების ხელშესაწყობად მხარეებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პარლამენტის მხრიდან ბავშვის უფლებების კოდექსისა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული სხვა კანონების აღსრულების ზედამხედველობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვების მონაწილეობას.

ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და დეპუტატები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი