გერმანული მედია - ანგელა მერკელმა ევროკომისიის პრეზიდნტის თანამდებობაზე მანფრედ ვებერს დაუჭირა მხარი
გერმანიის კანცლერმა ევროკომისიის პრეზიდნტის თანამდებობაზე ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
მანფრედ ვებერი ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტნიორი პარტიის, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბავარიული განყოფილების თავმჯდომარეა.
თუ ვებერი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის, ის ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი გერმანელი გახდება, რომელიც ევროკავშირის ამ უწყებას უხელმძღვანელებს.
მანამდე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელს ევროკომისიის ხელმძღვანელად გერმანელის დანიშვნა სურს და ამისთვის მზად არის, უარი თქვას, ევროპის ცენტრალური ბანკის თანამდებობაზე გერმანიის ფედერალური ბანკის თავმჯდომარის, იენს ვაიდმანის წარდგენაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტისას, ანგელა მერკელს ჰკითხეს, ადასტურებს, თუ არა ის, რომ ევროკომისიის თავმჯდომარედ გერმანელი კანდიდატის წარდგენა უნდა, რაზეც მერკელმა განაცხადა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ, საკადრო გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკის თემაა.