ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთში მიემგზავრება, რათა პრემიერ-მინისტრ ორბანს შეხვდეს. ისინი განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგორესურსების მიწოდების ევროპულ უსაფრთხოებასთან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმდივანი.

როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს.

დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

„ჩვენ ევროკომისიის ინიციატივას სანქციებთან დაკავშირებით მხარს არ დავუჭერთ, რადგან ეს პრობლემას ქმნის უნგრეთისთვის და არ შეიცავს წინადადებას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს, რომელიც მოიცავს რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესებას. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი არ თანხმდება ამ წინადადებას და აცხადებენ, რომ რუსულ ნავთობზე მათი დამოკიდებულების შემცირებას დიდი დრო დასჭირდება.

ევროკომისიამ უნგრეთს და სლოვაკეთს გარკვეული შეღავათი შესთავაზა და გამოვიდა ინიციტივით, რომ ამ ქვეყნებს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების ვალდებულება 2023 წლამდე არ ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, უნგრეთი სანქციების მეექვსე პაკეტის მხარდაჭერაზე მაინც უარს ამბობს.