გერმანული ავიაკომპანია „კონდორი“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, გერმანული „კონდორი“ (Condor) რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა“, – აცხადებენ სააგენტოში.
1955 წელს დაფუძნებული ავიაკომპანია „კონდორი“ დღეისათვის მსოფლიოს 90-მდე მიმართულებით ოპერირებს. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული გადამყვანის ავიაპარკი 50-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ითვლის.