გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება და დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების გზას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება და დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური და პოლიტიკური დარეგულირების გზას, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.
„პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სერიოზულ დარტყმას აყენებს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და პოლიტიკური მოგვარებისკენ“, – ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში.
გერმანელი დიპლომატის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებად აღიარება არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა, რომელსაც გერმანია მკაცრად გმობს.
„ჩვენ ვუპასუხებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ ვათანხმებთ ამას ჩვენს პარტნიორებთან“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.