გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ბაშარ ალ ასადზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ბაშარ ალ ასადზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ბაშარ ალ ასადზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდებს. ჰეიკო მაასს იმედი აქვს, რომ ოფიციალური მოსკოვი სირიის ლიდერზე არსებულ გავლენას ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასარიდებლად გამოიყენებს. ამის შესახებ გერმანიის პირველმა დიპლომატმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იდლიბში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვსურს რომ მასშტაბური ოპერაციის დაწყების თავიდან ასარიდებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ამ ხერხით ათასობით მშვიდობიანი მოსახლე ოპერაციას აღარ შეეწირება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰეიკო მაასმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გერმანია სირიის აღდგენაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთვევაში მიიღებს, თუ ოფიციალური დამასკო რიგ პირობებს შეასრულებს. კერძოდ, სირიის ხელისუფლებამ ბერლინს ლტოლვილების დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნის გარანტია უნდა მისცეს. სამშობლოში დაბრუნებული პირების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა აღარ უნდა განხორციელდეს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, რომელიც სირიელებს საკუთარი მომავლის თავად არჩევის საშუალებას მისცემს.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამ პროცესის დასასრულს, თუ ეს ნამდვილად დემოკრატიული პროცესი იქნება, ასადის პოლიტიკურ აქტივობას ხანგრძლივი პერსპექტივა დარჩეს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.