გერმანელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ მთავრობას, არ შეამციროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება
გერმანელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ მთავრობას, არ შეამციროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას, არ შეამციროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

„ეს იქნებოდა ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული თანხა ახალი სამხედრო დახმარებისთვის“, – განაცხადა როთმა Funke Mediengruppe-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როთმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია „პირველად რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ გადავიდა შეტევაზე და ახლა ქვეყანას სჭირდება სრული მხარდაჭერა თავისი უმნიშვნელოვანესი სამხედრო მოკავშირისგან ევროპაში – გერმანიისგან“. მან ასევე არასაკმარისად მიიჩნია 50 მილიარდი დოლარი, რომელსაც კიევს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დაჰპირდნენ.

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტა გააკრიტიკეს სხვა გერმანელმა პოლიტიკოსებმაც. ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, ნორბერტ როტგენმა მმართველი კოალიცია დაადანაშაულა, რომ ის „დონალდ ტრამპის სტილის პოლიტიკას აწარმოებს და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე“ წყვეტს უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას.

კიევისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტის გეგმა გააკრიტიკეს ასევე „მწვანეთა“ პარტიაში, რომელიც გერმანიის მთავრობაში შედის.

„უკრაინას აბსოლუტურად ცალსახად სჭირდება ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მომავალშიც. ამისთვის უნდა უზრუნველყოთ ყველა საჭირო ფინანსური რესურსი“, – აღნიშნა ბუნდესტაგში „მწვანეთა“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ბრიტა ჰასელმანმა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, თავდაცვის საკითხების ექსპერტმა, კრისტიან კლინკმა კი მოუწოდა, არ გაწირონ უკრაინა ე.წ. „ვალის მუხრუჭის“ გამო – ასე უწოდებენ გერმანიაში ზომებს, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო ვალის მკვეთრ ზრდას.

„დიპლომატიისთვის სივრცის მიცემა, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის შესაძლებლობის მიცემა, გაუძლოს თავდაცვით ომს. კერძოდ, აუცილებელია სასწრაფოდ მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად“, – აღნიშნა მან Der Spiegel-თან საუბარში.

ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერებას გეგმავს. ეს უკავშირდება გერმანიის მმართველი კოალიციის გეგმას, შეამციროს ხარჯები. გავრცელებული ცნობებით, ბიუჯეტის ნაცვლად, გერმანიის მთავრობა აპირებს, რომ უკრაინას დახმარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან გამოუყოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს.