გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის
გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის

გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის. მათ შორის, განიხილება იტალიის შეთანხმება ალბანეთთან და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება რუანდასთან. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერებთან შეხვედრისას განაცხადა. კანცლერის თქმით, დეკემბერში პრემიერებთან მომდევნო შეხვედრისას ახალ ინიციატივებსა და წინადადებებს წარადგენს.

ცნობისთვის, იტალიასა და ალბანეთს შორის არსებული შეთანხმებით, ალბანეთი ვალდებულებას იღებს, საკუთარ ტერიტორიაზე ერთდროულად 3000-მდე მიგრანტი განათავსოს, ვიდრე იტალია მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. წლიურად მათი რიცხვი 36 000-ით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება ბრიტანეთისა და რუანდის შეთანხმებას, თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხო ქვეყნის, მაგალითად, საფრანგეთის ტერიტორიის გავლით შევლენ, გაიგზავნებიან რუანდაში, სადაც განიხილება მათი მოთხოვნა. დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებათ და ექნებათ უფლება, დარჩნენ რუანდაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ რუანდაში სხვა საბაბით დასარჩენად ან სხვა მესამე ქვეყანაში მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებლები ვერ შეძლებენ გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებაზე განაცხადის გაკეთებას.