გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა.
საქართველოდან გამგზავრებამდე, მერკელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
ანგელა მერკელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმინა.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა. გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. გუშინ ანგელა მერკელი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერსა და სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ანგელა მერკელი ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში გააგრძელებს.