გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ათენს ეწვევა. მერკელი შეხვედრებს გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან, პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსთან და ოპოზიციის ლიდერ კირიაკის მიცოტაკისთან.
მოლაპარაკებების მთავარი თემა საბერძნეთის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრაა, რა დროსაც დეპუტატებმა მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინონ.
მერკელისა და ციპრასის შეხვედრა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
გერმანიის კანცლერი მიესალმება ათენსა და სკოპიეს მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის მრავალწლიანი დავის დარეგულირებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ცნობილია, რომ საბერძნეთის ოპოზიცია და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „დამოუკიდებელი ბერძნები“ მაკედონიასთან შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ გამოდიან. მიუხედავად ამისა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს იმედი აქვს, რომ პარლამენტში დოკუმენტს მაინც დაამტკიცებენ.
მერკელის ვიზიტის დროს ათენში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული. როგორც ცნობილია, რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ საპროტესტო აქციების გამართვა უკვე დააანონსა.