გერმანიაში წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი მატარებელი გამოჩნდა
გერმანიაში წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი მატარებელი გამოჩნდა

გერმანიაში წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი მატარებელი გამოჩნდა. ღია ლურჯი ფერის Coradia iLint-ი მატარებელ TGV-ის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია Alstom-მა ააგო. მატარებელი 100 კილომეტრიან გზაზე იმოძრავებს ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ კუკსხაფენს, ბრემერჰავენს, ბრემერფიორდესა და ბუკსტეხუდეს შორის. მანამდე ამ მონაკვეთზე მხოლოდ დიზელის მატარებლები დადიოდნენ.

Alstom-ის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია მატარებლების სერიული წარმოებისთვისაც მზად არის. მისივე თქმით, 2021 წლამდე Alstom ქვემო საქსონიას 14 სხვა მატარებელს მიაწვდის. ამავე დროს, მისი შეძენით დაინტერესებული არიან გერმანიის სხვა მიწებიც.

მატარებლის აღჭურვილობა წყალბადისა და ჟანგბადის კომბინაციას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ პროცესის შედეგად მიღებული ერთადერთი გამონაბოლქვი წყლის ორთქლი და წყალია.

ჭარბი ენერგია მატარებელზე არსებულ ლითიუმ-იონის ბატარეებში ინახება.

წყალბადის ერთი სავსე ავზით მატარებელი Coradia iLint-ი დაახლოებით 1000 კილომეტრს გადის — იმდენივეს, რამდენსაც დიზელის მატარებლები.

Alstom-ის ახალი ტექნოლოგია განსაკუთრებით ხელსაყრელია გერმანიის იმ ქალაქებისთვის, რომლებსაც ელექტრიფიცირებული რკინიგზა არ გააჩნიათ და ჰაერის დამაბინძურებელი დიზელის მატარებლების ჩანაცვლების ალტერნატივებს ეძებდნენ.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის მატარებელი დიზელისაზე გაცილებით ძვირია, ბევრად იაფი ჯდება მისი ოპერირება.

წყალბადის მატარებლების შეძენას ასევე გეგმავენ გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია, იტალია, საფრანგეთი და კანადა.

წყარო: AFP