გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის ყრილობის პარალელურად, ქუჩაში შეტაკება მოხდა. ჰანოვერში შეკრებილი ანტიფაშისტური აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ყრილობის ჩატარებაში. ეს პირველი მსგავსი ყრილობა იყო, მას შემდეგ რაც ულტრამემარჯვენეები ბუნდესტაგში მოხვდნენ.
პოლიციამ ურჩი მანიფესტანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკების დროს დააკავეს 10 დემონსტრანტი.
სექტემბერში გამართულ არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა 12,6 % მხარდაჭერა მიიღო. ჰანოვერში გამართულ ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა ორი თანათავმჯდომარე აირჩიეს. ერთ-ერთი იორგ მოიტენი, მეორე კი ალექსანდრ გაულანდი გახდა. ეს უკანასკნელი ამ პოსტს პირველად დაიკავებს. გაულანდი პარტიის ნაციონალისტ-კონსერვატორების ფრთას წარმოადგენს.