გერმანიამ და ესპანეთმა ფრე ითამაშეს, მსოფლიოს ჩემპიონი 22 მატჩია, არ აგებს
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასა და ესპანეთს შორის საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ამ გუნდებს, შესაბამისად, 21 და 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ და ამჯერადაც არ წააგეს.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – ესპანეთის ნაკრები “ვალენსიას” ფორვარდმა როდრიგომ დააწინაურა, საგოლე პასი კი მას ანდრეს ინიესტამ მისცა. გერმანელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს – ლამაზი დარტყმა გამოუვიდა თომას მიულერს, რომელიც გერმანიის ნაკრებში 90-ე მატჩს ატარებდა. ის ამ მაჩვენებლით რუდი ფიოლერს გაუტოლდა.
საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა. გერმანიამ ზედიზედ 22-ედ არ წააგო. ეს ხანგრძლივობით მეორე სერიაა გუნდის ისტორიაში. რეკორდი – 23 წაუგებელი მატჩია (1978-80 წლების პერიოდში).
გერმანიას ამ რეკორდის გამეორება 27 მარტს შეეძლება, როცა ბერლინში ბრაზილიას უმასპინძლებს. ამავე დღეს, ესპანეთი არგენტინას შეხვდება.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
გერმანია: ტერ შტეგენი, კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, ხედირა (გიუნდოგანი, 53), კროოსი, იოზილი, დრაქსლერი (სანე, 69), მიულერი (გორეტცკა, 80), ვერნერი (გომესი, 84).
ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, სერხიო რამოსი, პიკე (ნაჩო, 51), ჟორდი ალბა, სილვა (ვასკესი, 71), კოკე, ტიაგო ალკანტარა (ერნანდესი, 82), ისკო (მარკო ასენსიო, 59), ინიესტა (საულ ნიგესი, 46), როდრიგო (დიეგო კოშტა, 66).