ელ კლასიკო ამერიკაში - „ბარსელონამ“ სამი ლამაზი გოლით „რეალი“ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა, მადრიდელებმა ხუთჯერ გაარტყეს ძელს ბურთი [ვიდეო] #1TVSPORT
ელ კლასიკო ამერიკაში - „ბარსელონამ“ სამი ლამაზი გოლით „რეალი“ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა, მადრიდელებმა ხუთჯერ გაარტყეს ძელს ბურთი [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არლინგტონში 2023-24 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ გაიმართა – „ბარსელონამ“ და „რეალმა“ 82 026 მაყურებელს ნამდვილი შოუ შესთავაზეს.

მატჩის სტარტზე გამოირჩეოდა „ბარსელონას“ ახალწვეული ორიოლ რომეუ, რომელმაც უკვე მეოთხე წუთზე ძელს გაარტყა ბურთი. კატალონელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს, მადრიდელები კი პერიოდულად პრესინგს მიმართავდნენ და ერთხელ კინაღამ შეცდომა დააშვებინეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. ამ მხრივ ძალიან კარგი იყო ჯუდ ბელინგემი, რომელიც არა მხოლოდ პრესინგს მიმართავდა, არამედ სახიფათო პასებს არიგებდა და თავადაც ამწვავებდა სიტუაციას.

მიუხედავად ამისა, პირველი გოლი „ბარსელონამ“ გაიტანა საჯარიმოდან გათამაშებული კომბინაციით: ოლქაი გიუნდოგანმა ფლანგიდან ცენტრისკენ პედრის დაუგორა, რომელმაც პაუზა გააკეთა და და დაელოდა საჯარიმოში უსმან დემბელეს შესვლას – ფრანგმა მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში.

ოთხ წუთში „რეალს“ შეეძლო გათანაბრება – ვინისიუსმა პენალტის შესრულების უფლება მიიღო საჯარიმოში რონალდ არაუხოს მხრიდან ხელით თამაშის გამო, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი კარს გადააცილა.

ამხანაგური მატჩის სტატუსის მიუხედავად, თამაში საკმაოდ უხეში გამოვიდა და პირველ ტაიმში სამი იძულებითი შეცვლა განხორციელდა: 28-ე წუთზე ანდრეას კრისტენსენი ერიკ გარსიამ შეცვალა, 42-ე წუთზე გიუნდოგანი (გერმანელი ორ წინასასეზონო შეხვედრას გამოტოვებს) – სერხი რობერტომ და 45-ე წუთზე ფერლან მენდი – ფრან გარსიამ.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც ბევრი იყო. 32-ე წუთზე როდრიგომ შესანიშნავი ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ტერ შტეგენმა მოიგერია. შვიდი წუთის შემდეგ „რეალმა“ ერთ შეტევაში რამდენჯერმე მოარტყა ბურთი ძელს. ცოტა ხანში კი დემბელემ ვერ გამოიყენა ტიბო კურტუასთან ერთი ერთზე გასვლა.

მეორე ტაიმში მადრიდელები უფრო ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, ვიდრე „ბარსელონა“ მეორე გოლთან, მაგრამ „რეალს“ არ უმართლებდა – კარლო ანჩელოტის გუნდმა 90 წუთში 28 დარტყმა შეასრულა და ხუთჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

სამაგიეროდ, გაუმართლა „ბარსელონას“ 20 წლის აღზრდილს, ფერმინ ლოპეს მარტინს. ის 66-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და 85-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, 90- წუთზე კი შედეგიანი გადაცემა მისცა ფერან ტორესს – 3:0.

„ბარსელონამ“ პირველი მატჩი მოიგო წინასასეზონო მზადებისას. მანამდე ჩავის გუნდი 3:5 დამარცხდა „არსენალთან“. „რეალმა“ კი პირველი მატჩი წააგო ამერიკულ ტურნეში „მილანთან“ (3:2) და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (2:0) მოგებების შემდეგ.

 

ბარსელონა-რეალი       3:0

გოლები: 1:0 დემბელე (15), 2:0 ლოპესი (85), 3:0 ფერან ტორესი (90)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო (ეზალზული, 76), კრისტენსენი (ერიკ გარსია, 29), კუნდე, ბალდე (დესტი, 76), გიუნდოგანი (სერხი რობერტო, 42), რომეუ (ფერან ტორესი, 76), დე იონგი (ალონსო, 76), პედრი (ლოპესი, 66), დემბელე (რაფინია, 66), ლევანდოვსკი (ფატი, 76).

რეალი: კურტუა, კარვახალი, ალაბა, ედერ მილიტაო, მენდი (ფრან გარსია, 45), ვალვერდე (კროოსი, 58), კამავინგა (მოდრიჩი, 58), ჩუამენი, ბელინგემი (ხოსელუ, 73), ვინისიუსი, როდრიგო (ბრაიმ დიასი, 83).