გერმანიამ და ესპანეთმა ფრე ითამაშეს, მსოფლიოს ჩემპიონი 22 მატჩია, არ აგებს

02:40, 24.03.2018

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასა და ესპანეთს შორის საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ამ გუნდებს, შესაბამისად, 21 და 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ და ამჯერადაც არ წააგეს.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – ესპანეთის ნაკრები “ვალენსიას” ფორვარდმა როდრიგომ დააწინაურა, საგოლე პასი კი მას ანდრეს ინიესტამ მისცა. გერმანელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს – ლამაზი დარტყმა გამოუვიდა თომას მიულერს, რომელიც გერმანიის ნაკრებში 90-ე მატჩს ატარებდა. ის ამ მაჩვენებლით რუდი ფიოლერს გაუტოლდა.

საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა. გერმანიამ ზედიზედ 22-ედ არ წააგო. ეს ხანგრძლივობით მეორე სერიაა გუნდის ისტორიაში. რეკორდი – 23 წაუგებელი მატჩია (1978-80 წლების პერიოდში).

გერმანიას ამ რეკორდის გამეორება 27 მარტს შეეძლება, როცა ბერლინში ბრაზილიას უმასპინძლებს. ამავე დღეს, ესპანეთი არგენტინას შეხვდება.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
გერმანია: ტერ შტეგენი, კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, ხედირა (გიუნდოგანი, 53), კროოსი, იოზილი, დრაქსლერი (სანე, 69), მიულერი (გორეტცკა, 80), ვერნერი (გომესი, 84).
ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, სერხიო რამოსი, პიკე (ნაჩო, 51), ჟორდი ალბა, სილვა (ვასკესი, 71), კოკე, ტიაგო ალკანტარა (ერნანდესი, 82), ისკო (მარკო ასენსიო, 59), ინიესტა (საულ ნიგესი, 46), როდრიგო (დიეგო კოშტა, 66).

მსგავსი