გენო ოსიყმაშვილი - ვფიქრობ, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გარკვეული საბაზისო უნარები სამხედრო მიმართულებით, რათა საკუთარი თავი, ოჯახი და ქვეყანა დაიცვას
ვფიქრობ, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გარკვეული საბაზისო უნარები სამხედრო მიმართულებით, რათა საკუთარი თავი, ოჯახი და, რა თქმა უნდა, ქვეყანა დაიცვას, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტმა, „ტერიტორიული რეზერვის“ პროგრამის მონაწილემ, გენო ოსიყმაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მე ყოველთვის მინდოდა, ჯარში წავსულიყავი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედისერთა ვარ, კანონმდებლობით არ მეკუთვნოდა. მერე იყო სწავლა, სამსახური, ოჯახი, ბავშვი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერა და ვერ წავედი მოხალისედ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, მომეძებნა პროექტი, სადაც საბაზისო უნარებს მაინც ავითვისებდი, ელემენტარულად, იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. აი, სწორედ „ტერიტორიული რეზერვი“ აღმოჩნდა ის პროგრამა, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ჩემი სამოქალაქო პროფესიის, ჟურნალისტიკის პარალელურად გამევლო სპეციალური პროგრამა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ უნარებს შემძენდა“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
მისი თქმით, პროგრამას სტუდენტებისთვის და სამსახურში მომუშავე ადამიანებისთვის ძალიან კარგად მორგებული გრაფიკი აქვს და, გარდა ამისა, ხელმძღვანელობა ცდილობს, მონაწილეებისთვის პრობლემად არ იქცეს განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოუცხადებლობა.
„მე ყოველთვის ვცდილობდი, მომეძებნა რამე პროგრამა, სადაც სამსახურის პარალელურად ვისწავლიდი სამხედრო საქმეს. „ტერიტორიული რეზერვი“ ამითაც არის გამორჩეული პროგრამა, რომ გრაფიკი ძალიან კარგად არის მორგებული. პროგრამა ოთხწლიანია და შეიძლება, ვინმეს ეს ოთხი წელი გრძელ ვადად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ერთი წლის განმავლობაში 36-დან 45 დღემდე ხარ ბაზაზე და გადიხარ წვრთნას. ეს 36 დღე მთელ წელზეა გადანაწილებული და გამოდის, რომ თვეში დაახლოებით ორი დღე მოდიხარ, მაგრამ ყოველთვე მოდიხარ და ოთხი წლის განმავლობაში სულ ტონუსში ხარ. უკვე წელიწად-ნახევარზე ცოტა მეტია, რაც ამ პროგრამას გავდივარ, სრულიად ნულს ქვემოთ ვიყავი ცოდნის დონით ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია სამხედრო საქმე, თავდაცვა და ახლა ასი პროცენტით მეტი ვიცი იმასთან შედარებით“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტმა საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობას ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მაგალითად, შაბათი ჩემი სამუშაო დღეა. მე ახლა ტელევიზიაში უნდა ვიყო და საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტს ვამზადებდე, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში აქ ვარ, ბაზაზე და ეს ცხადია, სამსახურის ხელშეწყობაა. ეს არ არის ერთმხრივი საქმე, ორმხრივი პროცესია; ჩემი აქ ყოფნა არ არის მხოლოდ ჩემთვის, ეს არის ქვეყნისთვის, მათ შორის ჩემი სამსახურისთვის, ჩემი სამსახური – ჩემთვის და ერთგვარი ჯაჭვია, საზოგადოება, რომელიც ვცდილობთ, ერთნაირად ავაშენოთ. ერთმანეთს ვემსახუროთ და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
როგორც გენო ოსიყმაშვილმა აღნიშნა, გარდა სამხედრო სწავლებისა, პროგრამას აქვს სამოქალაქო კომპონენტი, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანობის პერიოდში სტიქიური უბედურების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას.
„ჩვენ გვამზადებენ იმისთვისაც, რომ 112-ის თანამშრომლებთან ერთად ჩავებათ, მაგალითად, ხანძრის ჩაქრობის პროცესში; ვსწავლობთ, წყალმოვარდნის შემთხვევაში როგორ გადავარჩინოთ დაჭრილები, დაშავებულები, როგორ გადმოვიყვანოთ უსაფრთხო გარემოში გარკვეულ ტერიტორიზე გაჭედილი ადამიანები და ა.შ.“ – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამაში სხვადასხვა სქესის, პროფესიის და ასაკის ადამიანები არიან ჩართული, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და შეხედულებებს უზიარებენ.
გენო ოსიყმაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ტერიტორიული რეზერვის“ პროგრამა ნებაყოფლობითია და ამავე დროს, ანაზღაურებადი, რაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ძალიან საინტერესოა.
„36 დღის განმავლობაში, რაც ბაზაზე იმყოფები და წვრთნას გადიხარ, ანუ წლიურად იღებ 3 600 ლარს, რაც სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესოა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ღირს 2 250 ლარი და, შესაბამისად, სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, თვითონვე დააფინანსონ საკუთარი განათლება. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ხელფასის გამო არავინ არ მოდის, მაგრამ დამატებითი ბენეფიტია, რატომაც არა?! ესე იგი, სტუდენტებს შეუძლიათ, მოვიდნენ აქ, ოთხი წლის განმავლობაში პარალელურად გაიარონ ჯარი, პარალელურად გაიარონ ბაკალავრიატი, ჯარში აღებული ფულით დააფინანსონ საკუთარი განათლება, დაასრულონ ბაკალავრიატი, დაასრულონ ჯარი და ჯარიდან აიღონ სამხედრო ბილეთი. რაც მთავარია, ისინი იღებენ ცოდნას“, – განაცხადა გენო ოსიყმაშვილმა.