გენო ოსიყმაშვილი - როდესაც უნდა გადამეწყვიტა, სად ჩამებარებინა, არჩევანი კოლეჯზე გავაკეთე, რაც არასდროს მინანია
როცა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, სად ჩამებარებინა, ნაცნობების საშუალებით გავეცანი, როგორ მიმდინარეობდა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებში და არჩევანი კოლეჯზე გავაკეთე, რაც არასდროს მინანია, – ამის შესახებ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულმა და „მოამბის“ ჟურნალისტმა, გენო ოსიყმაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე დავამთავრე ზურაბ ოშხნელის სატელევიზიო-სასწავლო ცენტრი, რომელიც მაშინ ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობდა. სამი წელიწადი სრული პრაქტიკა იყო. პირველივე კურსიდან, როგორც კი თეორიულ ნაწილს მოვრჩებოდით, პრაქტიკულ ნაწილზე გადავდიოდით, სადაც ზუსტად იმას ვაკეთებდით, რასაც აქ, ტელევიზიაში ვაკეთებ, ან პროდიუსერები აკეთებენ. თუ რამე ვისწავლე, ამ კოლეჯში ვისწავლე“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის დიპლომი არ ჰქონდა, კოლეჯის დამთავრებისთანავე, დასაქმებასთან დაკავშირებით შეთავაზება რამდენიმე მედიასაშუალებიდან მიიღო.
„შემოთავაზება მას შემდეგაც უწყვეტად გაგრძელდა და ვთვლი, რომ ეს იმ პროფესიულმა სასწავლებელმა მომცა, რომელიც დავამთავრე. რომ არა ის, შესაძლოა, ამ სფეროში ვერც მოვხვედრილიყავი“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მიღებამდე, როგორი იყო დამსაქმებელთა დამოკიდებულება, როცა იგებდნენ, რომ მას მხოლოდ პროფესიული სასწავლებლის სერტიფიკატი ჰქონდა, გენო ოსიყმაშვილმა აღნიშნა, რომ დამსაქმებლები, პირველ რიგში, შექმნილ პროდუქტს უყურებდნენ და დიპლომით აღარ ინტერესდებოდნენ.
„ჟურნალისტიკა განსაკუთრებით სპეციფიკური სფეროა, სადაც მხოლოდ იმას გეკითხებიან, რა შეგიძლია და რას როგორ აკეთებ. ჩვენს კოლეჯში კარგი პრაქტიკა მქონდა მიღებული. საინფორმაციო გამოშვების, ნიუსის, მაღალი სტანდარტის სიუჟეტებისა და რეპორტაჟების მომზადებას პირველივე კურსიდან ვიწყებდით და შესაბამისად, გარკვეული ბაზა უკვე მქონდა, რათა დამსაქმებლისთვის მეჩვენებინა, რას როგორ ვაკეთებდი. ერთი მხრივ, მქონდა სერთიფიკატი და მეორე მხრივ, მზა პროდუქტი, რისი შექმნაც შემეძლო. პირველი სამსახური სწორედ ასე დავიწყე“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.