გენო ოსიყმაშვილი - პროფესიული განათლებისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად მშობლებთანაც არის სამუშაო, რადგან მენტალური პრობლემა მათგან მოდის
მყავდა კურსელები, რომლებიც მშობლებს ვერ ეუბნებოდნენ, რომ კოლეჯში სწავლობდნენ და არა უნივერსიტეტში. ისინი დასაქმებული არიან, კარიერას აგრძელებენ და მშობლებისთვის კოლეჯში აღებული დიპლომი დღემდე არ უჩვენებიათ, – განაცხადა პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულმა და „მოამბის“ ჟურნალისტმა, გენო ოსიყმაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს, სამუშაო აბიტურიენტების გარდა, მშობლებთანაც არის, რადგან მენტალური პრობლემა მათგან მოდის.
როგორც გენო ოსიყმაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ოშხნელის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში სწავლისას ჰყავდა კურსელები, რომლებიც იგივე პროფესიაზე პარალელურად, უნივერსიტეტებშიც სწავლობდნენ.
„როცა უნივერსიტეტებში მივიდნენ და ნახეს, რომ სწავლების დონე არ აკმაყოფილებდათ, მოვიდნენ და ჩვენთან ჩააბარეს“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ერთ–ერთი უნივერსიტეტის მე–6 კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებს სიუჟეტების მომზადებას ზურაბ ოშხნელის სატელევიზიო-სასწავლო ცენტრის მეორეკურსელები ასწავლიდნენ.
„ჩვენი კოლეჯის მესამეკურსელები სადიპლომოს იცავდნენ, არ ეცალათ, მეორეკურსელებს კი უფრო გვეცალა და ერთ–ერთი უნივერსიტეტის მე–6 კურსის სტუდენტები მოგვამაგრეს, რომ სიუჟეტის მომზადებაში დავხმარებოდით, რადგან ჩვენ კარგი პრაქტიკული გამოცდილება გვქონდა, მათ კი რესპონდენტების მოძიების, ადგილზე მუშაობის, სამკერდე მიკროფონის დამაგრების და ა.შ. პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდათ. ამის შესახებ მათ მხოლოდ თეორიულად იცოდნენ, პრაქტიკაში კი, ეს ყველაფერი უფრო რთულია“, – განაცხადა ოსიყმაშვილმა.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, ზურაბ ოშხნელის სატელევიზიო სასწავლო ცენტრს ძალიან საინტერესო პრაქტიკა აქვს, რადგან საბოლოო გამოცდაზე სტუდენტმა სიუჟეტი უნდა მოამზადოს, სადაც მიღებულ ცოდნას მთლიანად დებს.
„ამ სიუჟეტის შეფასებას ახდენდნენ არა ის ლექტორები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, არამედ ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც დიპლომის დაცვაზე ყავდათ მოწვეული. ამ ადამიანებს ცხოვრებაში არ ჰყავდი ნანახი და ეკრანზე შენს ნამუშევარს პირველად უყურებდნენ. პირველი შემოთავაზებები სწორედ მათგან, დიპლომის დაცვის დღესვე მოდიოდა“, – განაცხადა გენო ოსიყმაშვილმა.