გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს დეგრადირებას იწვევს
გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს დეგრადირებას იწვევს

თბილისის ცენტრში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას იწვევს, – ამის შესახებ საუბარია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია დოკუმენტში ჩარჩო გეგმის სახითაა მოცემული. ჩარჩო გეგმა  ტერიტორიის ძირითად გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვარვს.

დოკუმენტის თანახმად, ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზიც ხდება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანახმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით კი, ტერიტორია საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად მოიაზრება.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, საპროექტო მასალის შემუშავების აუცილებლობა ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესითაა გამოწვეული.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.