გენეტიკურმა კვლევამ გამოავლინა უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო — #1tvმეცნიერება
გენეტიკურმა კვლევამ გამოავლინა უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო — #1tvმეცნიერება

კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი ადამიანებში პირველად ქალაქ უხანში მოხვდა, ზღვის პროდუქტების ბაზარ ჰუანანში, დატყვევებული გარეული ცხოველებიდან. ახალ კვლევაში მეცნიერებმა ის კონკრეტული ცხოველებიც გამოავლინეს, რომლებიც სავარაუდოდ ამ ვირუსს ატარებდნენ.

ბაზრის დახურვისთანავე აღებული მეტაგენომური რნმ მონაცემების ახალი ანალიზი ასევე უჭერს მხარს კორონავირუს SARS-CoV-2-ის წარმომავლობის მრავალ სხვა მტკიცებულებას.

ვირუსის ნიშნები ჩინეთის ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში პირველად 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა. ამჟამად დახურული ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზრის გარდა, ქალაქში ფუნქციონირებს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიც (WIV), სადაც მეცნიერები კორონავირუსებს სწავლობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევების თანახმად SARS-CoV-2 ლაბორატორიაში შექმნილი არ აღმოჩნდა, მისმა იმავე ქალაქში გამოჩენამ, სადაც ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, ეჭვები გააჩინა და უამრავი სპეკულაცია ააგორა. მაგალითად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ბუნებრივად გაჩნდა, პოპულარული თეორია მიუთითებდა, რომ ვირუსმა შეიძლება ლაბორატორიიდან გაჟონა მას შემდეგ, რაც ის მკვლევრებმა ველურ ბუნებაში შეაგროვეს.

ლაბორატორიიდან გაჟონვის მტკიცებულება თითქმის არ არსებობს და ბევრი ვირუსოლოგის აზრით, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ვირუსი ადამიანზე ჰუანანის ბაზარში მყოფი სხვა ძუძუმწოვრებიდან გადავიდა, სადაც მომწიფებული იყო პირობები ზოონოზური გადაცემისთვის.

ამ საკითხში მეტი სინათლის შესატანად, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ახალი ანალიზები ჩაუტარა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ 2020 წლის დასაწყისში შეგროვებულ მონაცემებს.

„ეს გახლავთ მონაცემთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრებული COVID-19-ის პანდემიის წარმომავლობის შესახებ. დიდად მადლობლები ვართ, რომ ეს მონაცემები არსებობს და ისინი მივიღეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) ევოლუციური ბიოლოგი ფლორანს დებარი.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გამომძიებლები ჰუანანის ბაზარში 2020 წელს, ახალი წლის დღეს შევიდნენ, კოვიდის გამო ბაზრის დახურვიდან რამდენიმე საათში. მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოველები უკვე აღარ იყვნენ, ჯგუფმა ნიმუშები გარემოდან აიღო.

უხანის ბაზარი 2020 წლის მარტში

ჯგუფმა ნაცხის ნიმუშები ცხოველთა სადგომებიდან აიღო; რამდენიმე დღის შემდეგ ისინი იქ კვლავ დაბრუნდნენ და უფრო მეტი ნაცხი აიღეს სადგომებიდან, გალიებიდან, ურიკებიდან. ნიმუშები ასევე შეაგროვეს დრენაჟებიდან და კანალიზაციიდან.

ასევე გამოიყენეს მეტატრანსკრიპტომიური სეკვენირება, რათა გამოევლინათ ნიმუშებში დაფიქსირებული ყოველი ორგანიზმის ყოველი რნმ მიმდევრობა, ასევე ზოგიერთი დნმ და შემდეგ, ეს ნიმუშები შეადარეს SARS-CoV-2-ის ადრეულ შემთხვევებს, 2020 წლის 14 თებერვლამდე დაფიქსირებულებს.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ჯგუფმა საკუთარი შედეგები 2023 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ Nature-ში. საერთო ჯამში, მათ 800-ზე მეტი ნიმუში ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ცხოველი იყო SARS-CoV-2-ის შუამავალი მასპინძელი, სეკვენირების მონაცემები მათ ღია წვდომის საცავებში გამოაქვეყნეს.

ამან კი შესაძლებელი გახადა ახალი ანალიზები, რომლებმაც ნიმუშებში მათი მიტოქონდრიული გემომების გენოტიპირების გზით გამოვლინა ცხოველთა სახეობები.

დებარმა, მიკრობიოლოგმა ალექსანდერ კრისტ-კრისტოფმა და მათმა კოლეგებმა ცხოველთა სადგომებში ვირუსის მტკიცებულებას მიაგნეს; ეს ცხოველები იყვნენ ენოტისმსგავსი ძაღლები და ციბეტა. ზოგიერთ ნიმუშს ერთ ნაცხში ერთდროულად ჰქონდა ცხოველისა და SARS-CoV-2-ის გენეტიკური მასალაც.

„მრავალი საკვანძო ცხოველი ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ჯგუფის მისვლამდე მოსპეს და შესაბამისად, არ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ცხოველები ინფიცირებული იყვნენ. ამ ცხოველთა დნმ-სა და რნმ-ს გარემოდან აღებულ ნიმუშებში ვხედავთ და ზოგიერთი მათგანი მი სადგომებშია, სადაც ასევე დავაფიქსირეთ SARS-CoV-2. სწორედ ამას უნდა ელოდო იმ სცენარში, რომელშიც ბაზარში ინფიცირებული ცხოველები იყვნენ“, — ამბობს დებარი.

კვლევა ასევე მოიცავდა ადრეული დღეების COVID-ის ვირუსული გენომების ევოლუციურ ანალიზს, რითაც ეძებდნენ ვირუსის იმ სავარაუდო წინამორბედებს, რომლებმაც პანდემია დაიწყეს.

„ამ კვლევაში ვაჩვენებთ, რომ ბაზართან დაკავშირებული თანმიმდევრობები შეესაბამება ვირუსის ბაზარში გამოჩენის ვერსიას. SARS-CoV-2-ის ძირითადი მრავალფეროვნება ბაზარში საწყისშივე იყო წარმოდგენილი“, — წერენ მკვლევრები.

შედეგებზე დაყრდნობით, ავტორებმა შექმნეს ბაზარში მყოფ ცხოველთა იმ სახეობების მოკლე სია, რომლებმაც ყველაზე დიდი ალბათობით შეასრულეს კორონავირუსის შუამავალ მასპინძელთა როლი.

ნიმუშებში ყველაზე მეტად წარმოდგენილი იყო ჩვეულებრივი ენოტისმსგავსი ძაღლი (Nyctereutes procyonoides), მაგრამ გალიდან აღებული SARS-CoV-2-ის რნმ-ში ასევე გამოიკვეთა ჰიმალაური ციბეტა (Paguma larvata).

მკვლევართა განცხადებით, ორივე ცხოველი დაკავშირებულია კიდევ ერთ კორონავირუს SARS-ის თავდაპირველ გავრცელებასთან; ასევე ცნობილია ისიც, რომ ჩვეულებრივი ენოტისმსგავსი ძაღლი მოწყვლადია COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ისადმი.

„ეს იგივე ცხოველები არიან, რომლებმაც ვიცით, რომ 2002 წელს განაპირობეს კორონავირუს SARS-ის ადამიანებისთვის გადადება. ყველაზე სარისკო რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ვირუსებით სავსე გარეული ცხოველების დაჭერა და შემდეგ ცეცხლთან თამაში — მათი წაყვანა და დიდ ქალაქთა შუაგულში მცხოვრებ ადამიანებთან კონტაქტში შეყვანა, თანაც ძლიერ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, რაც ამ ვირუსებს გავრცელებას უმარტივებს“, — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის ეკოლოგი მაიკლ ვორობეი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა გადაჭრით არ ამტკიცებს, რომ რომელიმე ცხოველი SARS-CoV-2-ით იყო ინფიცირებული, გვთავაზობს მინიშნებებს, რომლებიც შეიძლება სამომავლო გამოძიებებში დაგვეხმაროს.

„ეს კვლევა კიდევ ერთ ფენას მატებს სულ უფრო მზარდ მტკიცებულებათა გროვას, რომელთაგან ყველა ერთსა და იმავე სცენარზე მიუთითებს — ინფიცირებული ცხოველები უხანის ბაზარში 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეიყვანეს და სწორედ აქედან დაიწყო პანდემია“, — ამბობს აშშ-ის Scripps Research ინსტიტუტის ევოლუციური ბიოლოგი კრისტიან ანდერსენი.

ეს ყველაფერი რელევანტურია არა მხოლოდ COVID-19-ის წარმომავლობის რეტროსპექტიული კვლევებისთვის, არამედ სამომავლო პანდემიების პრევენციისთვისაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია ოთხზე მეტი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ ბევრი არაფერი გაკეთებულა, რომ შემცირდეს ასეთი ზოონოზური დაავადებების კვლავ გავრცელების შანსი“, — ამბობს ვორობეი.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.