„სულ რამდენიმე საუკუნეში, აღდგომის კუნძულის მოსახლეობამ მოსპო ტყე, მცენარეები და ცხოველები გადაშენებამდე მიიყვანა და ეს კომპლექსური საზოგადოება ქაოსსა და კანიბალიზმში ჩაეფლო“.
ასე წერს ჯარედ დაიმონდი თავის ბესტსელერ წიგნში „კოლაფსი“, რომელიც 2005 წელს გამოქვეყნდა.
მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა. ახლახან, გენეტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა მიაგნო მტკიცებულებას იმისა, რომ სინამდვილეში, ეს ცნობილი ჭკუის სასწავლებელი ამბავი სინამდვილეში არც არასოდეს მომხდარა.
ახალი კვლევის თანახმად, რაპა-ნუის (აღდგომის კუნძულის ადგილობრივი სახელი) ნამდვილი ამბავი მოსახლეობის თვითგანადგურება კი არ არის, არამედ კულტურული გამძლეობა.
როგორც ჩანს, 1600-იან წლებში, რაპა-ნუის უძველესი ხალხი თავიანთ კუნძულზე სრულიად იზოლირებული არ იყო და აშკარაა, რომ საკუთარი რესურსები სულაც არ გამოუყენებიათ ზედმეტად, ისე, რომ „ეკოციდის“ წერტილამდე მიეყვანათ.
როგორც უძველესი გენეტიკური მონაცემები მიუთითებს, კუნძულის მოსახლეობა საკმაოდ მცირე იყო, დაახლოებით 1500-3000 ადამიანი, რომლებიც იქ ევროპელების გამოჩენამდე ბევრად ადრე მრავლდებოდნენ პოლინეზიური და ადგილობრივი ამერიკული წარმომავლობის ხალხთან შერევით.
გენეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ სინამდვილეში, რაპა-ნუის მოსახლეობა იზრდებოდა 1860-იან წლებამდე, როცა პერუდან მონების წაყვანის მიზნით განხორციელებულმა რეიდებმა და ევროპელი კოლონიზატორების მიერ მოტანილმა ეპიდემიებმა კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 110 ინდივიდამდე შეამცირა.
დღეისათვის, რაპა-ნუის მოსახლეობაში დაახლოებით 1500 ადამიანი აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს, როგორც ადგილობრივ რაპანუის.
„შედეგები მხარს არ უჭერს რაპა-ნუის მოსახლეობის დიდ კოლაფსს“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და ლოზანის უნივერსიტეტის გენეტიკოსები ხელმძღვანელობდნენ.
რაპა-ნუის ეკოციდის თეორიას მრავალი არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემი ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ეს ახალი კვლევა პირველია, რომელიც ამ თეორიას ძირს უთხრის უძველესი გენომური მონაცემების გამოყენებით.
შედეგები ეფუძნება 15 უძველესი ინდივიდის ნაშთებს რაპა-ნუიდან, რომელთა ძვლები და კბილები ევროპელებმა კუნძულიდან XIX-XX საუკუნეებში წაიღეს და დღეს პარიზის რამდენიმე მუზეუმში ინახება.
მუეუმის მკაცრი წესების დაცვით, მკვლევრებმა თითოეული ინდივიდის გენომი გაშიფრეს.
ჯგუფი ასევე რეგულარულად ხვდებოდა რაპანუის საზოგადოების წარმომადგენლებს. მათ იმედი აქვთ, რომ კვლევის შედეგები საზოგადოებას წაადგება წინაპრების კუნძულზე რეპატრიაციის ძალისხმევაში.
გენომურ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც რაპა-ნუის მოსახლეობის ბოლო 100 თაობაზე მეტის რეკონსტრუქციას ახდენს, მკვლევრები ამბობენ, რომ ნაკლებადაა სავარაუდო, ეს ინდივიდები ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ დაბადებულიყვნენ.
აღმოჩნდა, რომ 15-ვე რაპანუის დაახლოებით 90 პროცენტით პოლინეზიელის მსგავსი წარმომავლობა ჰქონდა. მათ გენებში დაახლოებით 10 პროცენტი იყო ადგილობრივი ამერიკული — შეჯვარების მოვლენა, რომელიც სავარაუდოდ 1250-1430 წლებს შორის მოხდა.
კოლუმბმა ამერიკას 1492 წელს მიაღწია და ევროპული წარმომავლობა მხოლოდ თანამედროვე რაპანუებში ფიქსირდება და არა ძველ მოსახლეობაში.
დღეისათვის, რაპანუი და პოლინეზიური მოსახლეობა ადგილობრივ ამერიკელთა კომპონენტსაც ატარებს, რაც კვლევების თანახმად, ორივე გენთა აუზში დაახლოებით 1150-1495 წლებში შეერია.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პოლინეზიელმა მეზღვაურებმა ამერიკას და რაპა-ნუის ევროპელებზე ადრე მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, რაპანუის დნმ-ს შესახებ მხოლოდ ერთი სხვა კვლევაა ჩატარებული, რომელშიც ადგილობრივი ამერიკული წარმომავლობის კვალი არ დაფიქსირდა.
ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სავარაუდოდ არის იმ კვლევის დაბალი რეზოლუციის მონაცემები და ნიმუშების აღების ხარვეზები.
როდესაც ჯგუფმა ერთი წინა კვლევის გენომები ხელახლა გააანალიზა, ხუთი უძველესი რაპანუი ინდივიდიდან სამში ადგილობრივი ამერიკელის მსგავსი კომპონენტი დააფიქსირა.
კიდევ ერთ სხვა კვლევაში, სავარაუდოდ გაშიფრეს იმ უძველეს რაპანუი ინდივიდთა გენომები, რომლებიც შეჯვარების ამ მოვლენამდე ან უშუალოდ მის შემდეგ ცხოვრობდნენ, ვიდრე მათ გენომში ამის მტკიცებულება გამოჩნდებოდა.
„ახალი კვლევა არ ტოვებს ეჭვს, რომ აღდგომის კუნძულის უძველესი მოსახლეობა სქესობრივ კონტაქტს ამყარებდა ადგილობრივი ამერიკული წარმომავლობის ხალხთან“, — წერენ ევოლუციური არქეოგენეტიკოსები, სტეფან შიფილსი და კეტრინ ნაგელე ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის დამოუკიდებელ მიმოხილვაში.
ახლა საკითხავი ის არის, როგორ დაამყარა აღდგომის კუნძულის ხალხმა კონტაქტი ადგილობრივ ამერიკელებთან. აღდგომის კუნძული დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული კუნძულია. უახლოესი დასახლებული კუნძული პოლინეზიაში, 1800 კილომეტრის მოშორებითაა, სამხრეთ ამერიკის სანაპირომდე კი 3512 კილომეტრია.
ექსპერტები წლებია კამათობენ, იყვნენ თუ არა ამერიკის კონტინენტზე ევროპელებზე უფრო ადრე წყნარი ოკეანის კუნძულების ხალხები.
2020 წელს ჩატარებულ გენეტიკურ კვლევაში მიაგნეს იმის მტკიცებულებას, რომ აღდგომის კუნძულის დასახლებამდე, კონტაქტი შედგა პოლინეზიელებსა და ადგილობრივ ამერიკელთა ჯგუფს შორის, რომელიც ყველაზე ახლოს ენათესავებოდა თანამედროვე კოლუმბიის ადგილობრივებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ზღვაში შორმანძილიანი მოგზაურობები შეცოტავდა, ცნობილია, რომ პოლინეზიელები ნამდვილად გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ, რისი წყალობითაც, მათ მაქსიმუმ ორი ათას წელიწადში აითვისეს პოლინეზიის ყოველი კუნძული“, — ამბობენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ვინაიდან ამ ხალხისთვის ზღვა უფრო გზა იყო, ვიდრე ბარიერი, მათი კვლევა ძლიერ სავარაუდოს ხდის, რომ მათ ამერიკასაც მიაღწიეს. შესაბამისად, მონაცემები მიუთითებს, რომ გარკვეულ მომენტში, აღდგომის კუნძული სულაც არ იყო იზოლირებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კუნძულებისგან და ამერიკის კონტინენტისგან მას ათასობით კილომეტრი აშორებს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.